ამერიკის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა საიმიგრაციო და საბაჟო პოლიციის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი, დენიელ რეგსდეილი თანამდებობიდან გაათავისუფლა,- ამის შესახებ ამერიკის უსაფრთხოების დეპარტამენტის ხელმძღვანელის, ჯონ კელის განცხადებაშია ნათქვამი.
ამერიკის საიმიგრაციო და საბაჟო პოლიციის ახალი ხელმძღვანელი კი ტომას ჰომანი გახდა, რომელიც დეპარტამენტში 30 წლის განმავლობაში მუშაობდა. 2013 წლიდან ის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე იყო, რომელიც აშშ-ის საიმიგრაციო კანონების გათვალისწინებით, ამერიკაში შესული უცხო ქვეყნის მოქალაქეების მონიტორინგს ახორციელებდა.
“დარწმუნებული ვარ, ის თავის სამსახურში ქალებისთვისაც და მამაკაცებისთვისაც ძლიერი და ეფექტური ლიდერი იქნება“, – ნათქვამია ჯონ კელის განცხადებაში.
ცნობისთვის, მანამდე დონალდ ტრამპმა მოქმედი გენერალური პროკურორი გაათავისუფლა. სააგენტო Reuters-ის ინფორმაციით, გენერალური პროკურორი, სალი იეიტსი მას შემდეგ გაათავისუფლეს, რაც მან ამერიკის ახალი პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი საიმიგრაციო პოლიტიკის გამკაცრების გამო გააკრიტიკა.