შპს რუსთავის აზოტი ქარხნიდან თანამშრომლების მასობრივ დათხოვნას უარყოფს და ამ ინფორმაციას განცხადებით ეხმაურება:
„გავრცელებული ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ ქარხნიდან ხდება თანამშრომლების მასობრივი დათხოვნა სიმართლეს არ შეესაბამება“
გავრცელებულ განცხადებაში წერია, რომ ქარხანას მუშაობის შეჩერება რთული ფინანსური სახსრების გამო მოუწია, თუმცა ახალი მესაკუთრე თანამშრომლების დაახლოებით 90 პროცენტს ხელფასს საკუთარი სახსრებით გადაუხდის და ქარხნის ასამუშავებლად გარკვეულ ზომებს ატარებს:
“სამწუხაროდ, 2017 წლის იანვრიდან შპს რუსთავის აზოტმა ვეღარ შესძლო ქარხნის საქმიანობის უზრუნველყოფა, რამაც ქარხნის შეჩერება გამოიწვია. ქარხნის ახალი მესაკუთრის მიერ, ამჟამად ტარდება გარკვეული ზომები, ქარხნის კვლავ სრული დატვირთვით ასამუშავებლად. პარალელურად, ახალმა მესაკუთრემ საკუთარ თავზე აიღო ქარხნის მუშა-მოსამსახურეთა უდიდესი ნაწილის (დაახლოებით 90%) სახელფასო ანაზღაურების გადახდა (მათ შორის, იმ პერიოდშიც, სანამ ქარხანა გაჩერებულია) და ამ კადრებთან ხდება შესაბამისი შრომითი ხელშეკრულებების გაფორმება. ქარხნის სრული დატვირთვის ამუშავების შემთხვევაში, ახალმა ინვესტორმა შესაძლოა განიხილოს დამატებითი კადრების დასაქმების საკითხიც“- ნათქვამია შპს რუსთავის აზოტის ქარხნის განცხადებაში.
ინფორმაცია იმის შესახებ, რომ შპს რუსთავის აზოტში მასობრივი შემცირებები დაიწყო, საზოგადოებრივმა მაუწყებელმა გაავრცელა. მოამბის ცნობით, საკადრო წმენდა საწარმოს მენეჯმენტის შეცვლას უკავშირდება და საწარმოს ახალმა მენეჯმენტმა ათეულობით თანამშრომელი ყოველგვარი გაფრთხილების გარეშე დაითხოვა.
ცოტა ხნის წინ, inforustavi-ს მიერ გავრცელებული ინფორმაციით თანახმად, დღეს ქარხნიდან თანამშრომლები კიდევ გაათავისუფლეს.