ახალი ამბები მედია მთავარი პოლიტიკა საზოგადოება სამართალი

სანდრა რულოვსი დოკუმენტს ასაჯაროებს: რატომ აიღო დეპუტატის ხელფასი ყოფილმა პირველმა ლედიმ

 

საქართველოს ყოფილი პირველი ლედი, “ნაციონალური მოძრაობის” საარჩევნო სიის მეორე ნომერი, სანდრა რულოვსი უარყოფს გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის მიხედვით, მან დეპუტატის ხელფასი აიღო. როგორც ის ამბობს, მისთვის გვიან გახდა ცნობილი, რომ დეპუტატის მანდატის შეწყვეტამდე მისმა ხელფასმა 1339 ლარი შეადგინა.

rulovsi

რულოვსის განცხადებით, პარლამენტიდან ჩარიცხული ხელფასი მან სრულად გადარიცხა საქველმოქმედო ფონდში.

„დღეს გავრცელდა ინფორმაცია, რომ თითქოს მე მივიღე დეპუტატის ხელფასი და დანამატი. ეს არის სრული სიცრუე და დეზინფორმაცია! მოგეხსენაბათ მე-9 მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომა ჩატარდა 2016 წლის 18 ნოემბერს და ამავე დღეს საქართველოს პარლამენტში შევიდა ჩემი პირადი განცხადება უფლებამოსილების შეწყვეტის მოთხოვნით. აღნიშნული საკითხის განხილვა და უფლებამოსილების შეწყვეტა მოხდა 2016 წლის 1 დეკემბერს. მოგვიანებით, ჩემთვის ცნობილი გახდა, რომ უფლებამოსილების შეწყვეტამდე ჩემმა, როგორც დეპუტატის ხელფასმა შეადგინა 1339 ლარი. ჩემი თხოვნით, ეს თანხა სრულად გადაერიცხა საქველმოქმედო ფონდ ააიპ “ბავშვთა ჰოსპისს”, რომლის მიზანია პალიატიური მზრუნველობის საჭიროების მქონე ბავშვთა ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესება და მათზე ზრუნვა. აღნიშნულს ადასტურებს გადარიცხვის დამადასტურებელი დოკუმენტაცია.

16265315_1344504558926544_4284942458506637257_n16195007_1344504692259864_5792422389032916957_n

ჟურნალისტები, რომლებიც მსგავსი ტყუილების ტირაჟირებით არიან დაკავებულები მეტი პასუხისმგებლობით უნდა ეკიდებოდნენ თავიანთი პროფესიული მოვალეობის შესრულებას და უმჯობესი იქნებოდა გაეშუქებინათ ბავშთა ჰოსპისის საქმიანობა, თუ რამდენად მნიშვნელოვან როლს თამაშობს ის განუკურნებელი დაავადების მქონე ბავშვებისათვის”, – წერს რულოვსი.

ცნობისთვის, ინფორმაცია იმის შესახებ, რომ სანდრა რულოვსს პარლამენტიდან ხელფასიც დაერიცხა და დანამატიც, საინფორმაციო სააგენტო on.ge-მ გაავრცელა. სწორედ ამ ინფორმაციას გამოეხმაურა სანდრა რულოვსი და On.ge “სიცრუისა და დეზინფორმაციის” ტირაჟირებაში დაადანაშაულა. მეცხრე მოწვევის პარლამენტის ყოფილ წევრს, საინფორმაციო სააგენტომ უპასუხა და აღნიშნა, რომ მათთვის მსგავსი ბრალდება მიუღებელია, რადგან მათ მიერ 26 იანვარს გამოქვეყნებული ინფორმაცია ეყრდნობოდა საქართველოს პარლამენტიდან საჯარო ინფორმაციის სახით მიღებულ დოკუმენტაციას.

„დოკუმენტს თან ახლავს დანართი, რომელიც დასათაურებულია შემდეგნაირად: “საქართველოს IX მოწვევის პარლამენტის წევრების შემოსავალი 2016 წლის 18 ნოემბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით”. ერთ გრაფაში აღნიშნულია თანამდებობრივი სარგოს ოდენობა, მეორეში კი – დანამატი. სწორედ ამ დოკუმენტში წერია, რომ დეპუტატს, რომელსაც უფლებამოსილება პარლამენტის პირველივე პლენარულ სხდომაზე შეუწყდა, დარიცხული აქვს თანამდებობრივი სარგო 666,67 ლარი, ხოლო დანამატი – 1007,92 ლარი.

On.ge-მ 26 იანვარს ასევე გამოაქვეყნა ინფორმაცია სხვა პარლამენტარების მიერ მიღებული ხელფასებისა და დანამატების შესახებ, რომელთა ჯამურმა ოდენობამ 625 ათას ლარს მიაღწია.

სანდრა რულოვსმა, აღნიშნული სტატიის გამოქვეყნების შემდეგ გამოაქვეყნა გადარიცხვის დამადასტურებელი დოკუმენტი, რომლის მიხედვითაც, პარლამენტიდან მისთვის დარიცხული თანხა გადაერიცხა ბავშვთა ჰოსპისს.

On.ge დაფუძნების დღიდან ხელმძღვანელობს ჟურნალისტური ეთიკის პრინციპებით და ჩვენთვის მნიშვნელოვანია ზუსტი, სანდო ინფორმაციის გავრცელება“ – ნათქვამია საინფორმაციო სააგენტოს განცხადებაში.

 

იტვირთბა....