ბორჯომში მართლმადიდებელი ეკლესიის მრევლის ნაწილი მიტროპოლიტ სერაფიმე ჯოჯუას არასრულწლოვანთან სქესობრივი კავშირის დამყარების მცდელობაში ადანაშაულებს და საპატრიარქოსგან შესაბამისი რეაგირების არქონის შემთხვევაში აქციებით იმუქრება.- სტატიას “ნეტგაზეთი” აქვეყნებს.
მასალაში ნათქვამია:
„ბორჯომისა და ბაკურიანის ეპარქიის ყოფილ მიტროპოლიტ სერაფიმეს არასრულწლოვანთან სქესობროვი კავშირის მცდელობაში ადანაშაულებენ. მრევლის იმ ნაწილის წარმომადგენელი, რომელიც მიტროპოლიტის წინააღმდეგ არის განწყობილი, ამბობს, რომ მეუფე სერაფიმე მაშინ წავიდა ეპარქიიდან, როდესაც ეს ინფორმაცია გახდა ცნობილი. მისივე ცნობით, ოჯახმა ინფორმაცია მიაწოდა საპატრიარქოსაც და მათთვის თავიდანვე ყველაფერი იყო ცნობილი.
“ნეტგაზეთი” დაუკავშირდა იმ არასრულწლოვნის ოჯახის წევრს, ვისთანაც სქესობრივი კავშირის დამყარების მცდელობაში ადანაშაულებენ სერაფიმე ჯოჯუას. ოჯახის წევრის თქმით, ამ ეტაპზე საჯაროდ საუბარი არ სურთ. როგორც მან განაცხადა, ელოდებიან საპატრიარქოს მოქმედებებსა და რეაგირებას.
ბრალდებების შესახებ ინფორმაციის გადასამოწმებლად დაკავშირება ვცადეთ მიტროპოლიტ სერაფიმესთანაც, რომელიც ამჟამად თბილისში იმყოფება. არქიმანდრიტმა ფოკა მარკოზიამ განგვიცხადა, რომ მეუფე სერაფიმე აპირებს, პასუხი გასცეს ყველაფერს, თუმცა, ეს დღეს და ხვალ არ იქნება.
ბორჯომში მრევლი ორად არის გაყოფილი. ნაწილს არ სჯერა მეუფე სერაფიმეს მიმართ წაყენებული ბრალდებების და აცხადებს, რომ მიტროპოლიტ სერაფიმეს ცილი დასწამეს ბორჯომის რაიონში მოღვაწე სასულიერო პირებმა: იერომიელმა, იოაკიმემ, არჩილმა, გერასიმემ და მონაზონმა ქეთევანმა. მათ 21 იანვარს ბორჯომის ცენტრში გამართეს აქცია და ყველა სასულიერო პირისგან, ვინც სერაფიმე ჯოჯუაზე ცუდ კონტექსტში საუბრობდა, ბოდიშის მოხდა მოითხოვეს.
მათი განცხადებით, გაყალბებულია ის SMS, რის საფუძველზეც აჟიოტაჟი ატყდა და სერაფიმე ჯოჯუა ეპარქიიდან ისე წავიდა, რომ მრევლთან არ უსაუბრია.
ნეტგაზეთთან საუბრისას მეუფე სერაფიმეს მოწინააღმდეგეების მხრიდან ზეწოლის შესახებ საუბრობს მიტროპოლიტის მრევლი, ავთანდილ სტეფნაძე. მისი თქმით, მიტროპოლიტ სერაფიმეს მოწინააღმდეგე რამდენიმე სასულიერო პირმა იგი გამოჰკითხა, თუ რატომ მოაწერა ხელი მიტროპოლიტ სერაფიმეს მხარდამჭერ პეტიციას, ასევე რამდენიმე საათით წაართვეს და გაჩხრიკეს მისი მობილური ტელეფონი. მან აღნიშნა, რომ ეს პირები მას დაემუქრნენ კიდეც.
მიტროპოლიტის მოწინააღმდეგე მრევლის წარომადგენელი „ნეტგაზეთთან“ საუბრისას ამბობს, რომ საპატრიარქოში მეუფე სერაფიმესთან დაკავშირებული სკანდალის ყველა დეტალი იციან და შესაბამის დოკუმენტებსაც ფლობენ. ინფორმაციის გადასამოწმებლად დავუკავშირდით პატრიარქის მდივანს, მიქაელ ბოტკოველს. მან განაცხადა, რომ კომენტარს ვერ გააკეთებს და მიტროპოლიტის მიერ გავრცელებულ წერილზე მიგვითითა:
„მან გაავრცელა წერილი, სადაც ის ითხოვს სიმშვიდეს და წასვლას. თქვენ, ალბათ, იცნობთ ამ წერილს. სხვა ვერაფერ კომენტარს ვერ გავაკეთებ,”- განაცხადა მიქაელ ბოტკოველმა.