ახალი ამბები მთავარი სამართალი

ნარკოტიკის ახალი სახეობა საქართველოში: უცნაური ფხვნილი, რომელიც დიდი ხნით აძინებს

დაახლოებით ერთი თვის წინ საქართველოში ბიონარკოტიკის ახალი სახეობა შემოვიდა, რომლის მომხმარებელთა მდგომარეობა უკიდურესად მძიმდება და ფატალურადაც სრულდება. სპეციალისტთა ინფორმაციით, ეს არის თეთრი ფხვნილი, რომელსაც ეწევიან და ინტრავენურადაც მოიხმარენ, მისი შემცველობა კი ჯერჯერობით უცნობია. მას მომხმარებლები ინტერნეტით იწერენ.

სპეციალისტების თქმით, ვინაიდან საქმე გვაქვს უცნობ ნივთიერებასთან, გავრცელებული”ნარკანი”, რომელსაც ზედოზირების დროს იყენებენ, ამ შემთხვევაში უძლურია.

ეკატერინე ყურაშვილი, ექიმი-ნარკოლოგი, ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ნარკომანიის პრევენციის ცენტრის გენერალური დირექტორის მრჩეველი-კონსულტანტი ამბობს, რომ ეს არის მარილი, რომელიც რამდენიმე წელიწადია, რაც შემოსულია და მისი ფორმულა პერიოდულად იცვლება. შეიძლება ნივთიერების ფორმულიდან ერთი ატომი ამოვარდეს, ან მისი გაძლიერების მიზნით რაღაც დაამატონ და უკვე სხვა ნივთიერება მიიღება.

„საქმე  სინთეტიკურ ნარკოტიკთან გვაქვს, რომელსაც კიდეც ეწევიან, იყნოსავენ და ინტრავენურადაც იკეთებენ. მარილი მეტამფიტამინის მსგავსი ნივთიერებაა და ისეთივე მოქმედება აქვს, როგორიც კოკაინს.

სიძლიერითა და ტოქსიკურობით, მომხმარებელი მალე ხდება ფიზიკურად დამოკიდებული (“ლომკას” რასაც ვეძახით). ამ შემთხვევაში,

სანამ ადამიანი ფიზიკურ დამოკიდებულებამდე მივა, ფსიქოზი უვითარდება, ხშირია ლეტალური შედეგიც.

ზედოზირებით პაციენტები ჩვენთან არ ხვდებიან, სასწრაფო დახმარებას ისინი სხვა დაწესებულებებში გადაჰყავს. აბაზანის მარილი კოდური სახელია, სანამ გაიშიფრებოდა, მანამ ასე მოიხსენიებდნენ. ეს მარილი შეიძლება იყოს როგორც თეთრი, ასევე შავიც.

ნარკოტრიკის მიღების დროს, ადამიანებს გამოხედვა უაზრო აქვთ, არიან ნერვიულები, მომატებული აქვთ შფოთვა, გეომეტრიული პროგრესიით მიდის ინტელექტის დაქვეითება, უძილობა, ენერგიის მოზღვავება, აქვთ ჰალუცინაციები, ხდებიან ჰიპერაქტიურები, სვამენ ბევრ წყალს, ვინაიდან წყალს კარგავენ, შეუძლიათ 3 დღის განმავლობაშიც არ დაიძინონ.

აქვთ ბოდვები, წნევის ვარდნა, მიდის ჰემოდინამიკის მონაცვლეობა, ახასიათებთ მაღალი ტემპერატურა, ტაქიკარდია  15 წუთში 140-მდე გულისცემა, ხდებიან არაადეკვატური და თუ მარილი უთავდებათ, შეუძლიათ 2-3 დღე ეძინოთ, ანუ ითიშებიან.

ზედოზირებისას ახასიათებს კრუნჩხვა, მაღალი ტემპერატურა, ჰაერის უკმარისობა და ამ დროს აუცილებელია სასწრაფო დახმარების გამოძახება, რათა მოხდეს პაციენტის ჰოსპიტალიზაცია რეანიმაციულ განყოფილებაში, ვინაიდან ამას თან სდევს ორგანიზმის გადაწვა, ტვინის­ შეშუპება, გულსისხლძარღვთა, თირკმლებისა და ღვიძლის უკმარისობა და ვითარდება ლეტალური შედეგიც“-ამბობს ნარკოლოგი.

მისივე თქმით, ეს ნარკოტიკი უმოკლეს დროში ახერხებს იმას, რისი დაშავებაც სხვა ნარკოტიკს წლების განმავლობაში შეუძლია. რაც უფრო კუსტარულია ნარკოტიკი, მით უფრო ძნელია დოზის განსაზღვრა. ასეთ პაციენტებს ისეთი ფსიქოზები აქვთ, მათი მკურნალობა ძალიან რთულია.

წყარო: „კვირის პალიტრა“

 

იტვირთბა....