ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

„კეტით მასწავლებლებს შეუვარდა და თავები დაუხეთქა“: რა მოხდა ხულოს საჯარო სკოლაში

როგორც „მეტრონომს“ ადგილობრივებმა განუცხადეს, ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ ტუნაძეების საჯარო სკოლაში საქმის მწარმოებელი,  სასწავლო პროცესის მიმდინარეობისას, სკოლის მასწავლებლებს გაკვეთილზე ხელკეტით შეუვარდა და  მათ ცემა დაუწყო. სკოლის დირექტორის ავთანდილ ძირკვაძის განცხადებით, საქმის მწარმოებელის ინეზა ხარაბაძის გაბრაზების მიზეზი საათების შემცირება გახდა.

დირექტორი „მეტრონომთან“ საუბრისას ამბობს, რომ საქმის მწარმოებელი სამი დღის განმავლობაში გულჩათხრობილი დადიოდა და მასწავლებლებთან კონტაქტში არ შედიოდა. მასთან გასაუბრება თავად დირექტორმაც რამდენჯერმე სცადა, მაგრამ ხარაბაძემ  საუბარი არ ისურვა.

ძირკვაძის განცხადებით, დღეს დილით, მოულოდნელად ხელკეტით შეიარაღებული, გაკვეთილების მიმდინარეობის დროს, მასწავლებლებს  საკლასო ოთახში შეუვარდა. მან მოსწავლეების თვალწინ, ხუთი მასწავლებლის ფიზიკური დაზიანება მოახერხა. დირექტორი ამბობს, რომ მასწავლებლებს დაზიანებები ძირითადად თავის არეში აქვთ მიყენებული.

„საქმის მწარმოებელი ინეზა ხარაბაძე ბოლო სამი დღეა უცნაურად იქცევა. ჩემი გადაწყვეტილებით, მას საათები შეუმცირეთ. როგორც ჩანს, ამის გამო გულში წყენა ჩაიდო. რამდენიმე დღეა ხმას არავის სცემდა. მასთან საუბარს შევეცადე, მაგარ ძალიან აგრესიულად მიპასუხა. დღეს დილით  სასწავლო პროცესი როგორც კი დაიწყო, კეტით შეიარაღებული, მასწავლებლებს საკლასო ოთახში შეუვარდა და თავები დაუხეთქა. ზოგმა გაქცევა მოასწრო და თქვენ წარმოიდგინეთ, სკოლის ეზოში 15 წუთის განმავლობაში დასდევდა. 27 წლის გოგოა, ახლა მასზე მამაკაცები ხელს ხომ ვერ ასწევდნენ. შემდეგ პოლიცია გამოვიძახეთ და გაიქცა. ჯერ დაკავებული არ არის, თუმცა ნაცემი მასწავლებლები პოლიციაში დაკითხვაზე იმყოფებიან. მომხდარი ფაქტის გამო, ის სამსახურიდან გათავისუფლდება“ – ამბობს სკოლის დირექტორი.

შინაგან საქმეთა სამინისტროში „მეტრონომს“ განუცხადეს, რომ აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით საგამოძიებო ღონისძიებები მიმდინარეობს. საქმე 126-ე ძალადობის მუხლით აღიძრა. დაზარალებულ მასწავლებლებს ექსპერტიზა უტარდებათ და მათი დაკითხვა მიმდინარეობს. ჯერ-ჯერობით დაკავებული არავინ არ არის.

სკოლაში მომხდარი ფაქტის შესასწავლად აჭარის განათლების სამინისტროს წამომადგენლები იმყოფებიან და მომხდარ ინციდენტს ადგილზეწ სწავლობენ.

„მეტრონომი“ შეეცადა თავად ინეზა ხარაბაძესთან დაკავშირებას, მაგრამ მასთან კომუნიკაცია ვერ მოხერხდა.

ელზა პაპოშვილი

 

იტვირთბა....