“საქართველომ ჭამა სირცხვილი, რომელიც არცერთ ევროპულ სახელმწიფოს არ უჭამია აზერბაიჯანის მერე,“- ამის შესახებ ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე ზაზა ხატიაშვილმა სტრასბურგში საქართველოს მიერ წარდგენილი მოსამართლეობის კანდიდატურების ჩავარდნასთან დაკავშირებით განაცხადა.
ზაზა ხატიაშვილი საქართველოს ხელისუფლებას აკრიტიკებს. მისი თქმით, საქართველოს მიერ შერჩეულ კანდიდატურებს ის მუდმივად აპროტესტებდა, რის გამოც მან აქციები სტრასბურგშიც გამართა.
შეგახსენებთ, ევროსასამართლოს მოსამართლეთა კანდიდატების დამტკიცება ვერ მოხერხდა. როგორც „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ კორესპონდენტი სტრასბურგიდან იტყობინება, მოსამართლეების სია თავიდან არის წარსადგენი.
კონკურსი აპრილამდე თავიდან უნდა ჩატარდეს. კონკურსში სამი კანდიდატი მონაწილეობდა: ალექსანდრე ბარამიძე, გიორგი ბადაშვილი და ევა გოცირიძე.