ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა სამართალი

“სააკაშვილმა უკრაინის ბილეთი ამიღო”: გია ცერცვაძის მეუღლე ქუცნაშვილს პასუხობს

ოფიცერ გიორგი ცერცვაძის მეუღლე, ტატიანა ცერცვაძე უკრაინაში მიემგზავრება:

,,კიევში მივემგზავრები, ჩემ მეუღლეს სასამართლოზე შევხდები და უშუალოდ მისი ადვოკატისგან შევიტყობ ყველა ინფორმაციას. გუშინ ვერც მოვასწარი მიხეილ სააკაშვილისთვის მადლობა გადამეხადა, რომელმაც თვითმფრინავის ბილეთი ამიღო და ჩემი გამგზავრება უზრუნველყო. ბოლო წუთამდე მქონდა იმედი, რომ საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები რაიმე განცხადებას მაინც გააკეთებდნენ გია ცერცვაძესთან დაკავშირებით, თუმცა არანაირი განცხადება არ ყოფილა, რის გამოც გული ძალიან მწყდება”, – განაცხადა გია ცერცვაძის მეუღლე ტატიანა მესხმა “ინტერპრესნიუსთან”.

ამავდროულად მან მედიასთან ზაქარია ქუცნაშვილის განცხადებას, რომ “მკვლელების საქმეში რუსეთთან უნდა ვითანამშრომლოთ”, ასე უპასუხა:

“ჩემი ქმარი არ არის მკვლელი ჩემი ქმარი არის ჯარისკაცი. ჩემი ქმარი და ჩემი ქმრისნაირი ჯარისკაცები, როდესაც იცავდა თავის სამშობლოს და დღევანდელ დღემდე აქვთ მოტანილი და ახლა როდესაც დღეს ეს ადამიანები დგანან ამ ქვეყნის სათავეში ასეთი განცხადების გაკეთება მემგონი დიდი სირცხვილია“- განაცხადა ტატიანა მესხმა.

შეგახსენებთ, რომ გივი თარგამაძის ინფორმაციით, რომელიც უკრაინის პროკურორზე დაყრდნობით გაავრცელა, ცერცვაძეს უკრაინული სასამართლო სააპელაციო წესით გაათავისუფლებს.

გიორგი ცერცვაძეზე ძებნა 2016 წლის 23 დეკემბერს გამოაცხადა ინტერპოლმა რუსეთის მოთხოვნის საფუძველზე. ცერცვაძე – საქართველოს შსს-ის სპეცდანიშნულების რაზმის უფროსის ყოფილი მოადგილე, რომელიც 2008 წლის აგვისტოს ომშიც მონაწილეობდა – 2017 წლის 15 იანვარს დააკავეს უკრაინის სამართალდამცავებმა კიევის აეროპორტში, 17 იანვარს კი კიევის სასამართლომ 40 დღით წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.

საქართველოს პროკურატურა ავრცელებს ინფორმაციას, რომ საქართველოს მხარემ უკრაინის პროკურატურას მიაწოდა შესაბამისი ინფორმაცია კიევში დაკავებული გიორგი ცერცვაძის შესახებ და განუმარტა, რომ რუსეთის მხარისათვის მისი გადაცემა არ არის მიზანშეწონილი:
“საქართველოს პროკურატურის მიერ უკრაინელ კოლეგებს მიეწოდათ ყველა შესაბამისი ინფორმაცია გ. ცერცვაძის შესახებ და განმარტება მისი ძებნის ინიციატორი მხარისთვის გადაცემის მიზანშეუწონლობის თაობაზე, რომ საქართველოს მოქალაქის რუსეთის მხარისთვის გადაცემით დაირღვევა გიორგი ცერცვაძის ძირითადი უფლებები. საქართველოსა და უკრაინის პროკურატურებს შორის ასევე მოხდა შეთანხმება აღნიშნულ საკითხზე მომავალშიც აქტიური თანამშრომლობის გაგრძელების შესახებ”, – წერს პროკურატურა.

 

იტვირთბა....