გავრცელებულ ინფორმაციას, რომ „რიკო კრედიტის“ ერთ-ერთი მეწილე ფინანსთა მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილია, კომპანიის დამფუძნებელი და მეპატრონე, ლაშა ნიკოლაიშვილი “მეტრონომთან” ეხმაურება. ინტერვიუში ნიკოლაიშვილი ამბობს, რომ მინისტრთან არანაირი ბიზნესპარტნიორობა არ აკავშირებს. მისი თქმით, „რიკო კრედიტის“ მისამართით ვიღაც მიზანმიმართულ კამპანიას აწარმოებს. თუმცა, „მეტრონომის“ კითხვაზე, რა სახის ურთიერთობა აკავშირებს, ან აკავშირებდა ადრე მას ფინანსთა მინისტრთან და არიან თუ არა ისინი მეგობრები, ან ნაცნობები… მან აქცენტი არ გააკეთა და განაცხადა, რომ ისინი ბიზნესპარტნიორები არასოდეს ყოფილან.
შეგახსენებთ, რომ მას შემდეგ რაც „მეტრონომმა“ ფინანსთა მინისტრის დიმიტრი ქუმსიშვილის დეკლარაციის მიხედვით, მისი ქონების შესახებ ინფორმაცია გაავრცელა, სოციალურ ქსელში მინისტრის წინააღმდეგ პეტიცია გავრცელდა. ხელმომწერები ქუმსიშვილის გადადგომას ითხოვენ. „მეტრონომის“ ინფორმაციით, მინისტრი 7 ბინას და 2 სახლს ფლობს. ხოლო მისი დანაზოგების დიდი ნაწილი უცხოურ ვალუტაშია ნომინირებული. ასევე არაოფიციალური ინფორმაციით, ის კომპანია „რიკო კრედიტის“ მეწილეა.
„მეტრონომი“: რას იტყვით მედიაში გავრცელებულ ინფომაციაზე რომ „რიკო კრედიტის“ ერთ-ერთი მეწილე ფინანსთა მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილია?
ლაშა ნიკოლაიშვილი: ეს ბინძური კამპანია რას ემსახურება ჩემთვის უცნობია. გაკოტრებულ პოლიტიკოსებზე რამის თქმა ნამდვილად გამიჭირდება. დაარსების დღიდან ამ კომპანიის მეპატრონე მხოლოდ მე ვარ.
„რიკო კრედიტი“ ამერიკიდან ჩამოსვლის შემდეგ 1997 წელს დავაარსე, მას შემდეგ მისი მეწილეც და მფლობელიც მე ვარ. 2004 წელს „რიკო ექსპრესის“ 100%-იანი წილი დედაჩემზე დალი ურუშიძეზე გადაფორმდა. კომპანიის წილის შესყიდვის სურვილი არაერთმა ბიზნესმენმა გამოთქვა, მაგრამ მისი მეწილე არასდროს, ჩემი და ჩემი ოჯახის წევრების გარდა, არავინ ყოფილა.
არც მომავალში ვაპირებ, რომ კომპანიის წილი გავყიდო. მთელი პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ ფინანსთა მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი, არც წარსულში და არც ახლა, „რიკო კრედიტის“ მფლობელი ან მეწილე, არასდროს ყოფილა. მეორე და ყველაზე მნიშვნელოვანი ის არის, რომ ამ გაკოტრებულმა პოლიტიკოსებმა, შეურაცხყოფა იმ 100 ათას ადამიანს მიაყენა, რომელსაც ჩვენთან 150 მილიონზე მეტი თამასუქი აქვს შემოტანილი.
მათ ლოგიკას თუ მივყვებით, მაშინ ყველა ეს ადამიანი მევახშე ყოფილა. ამ ვაი პოლიტიკოსებმა მაშინ ჩვენს ყველა პარტნიორს ბოდიში უნდა მოუხადოს. გაუგებარია როდესაც სწორედ ეს ადამიანები ლობირებენ ისეთ კომპანიებს, რომლებიც ადამიანებს 100%-იან სესხებს ახდევინებენ, ხოლო „რიკო კრედიტის“ 12%-იანი სესხები პრობლემა ყოფილა.
– დიმიტრი ქუმსიშვილს თუნდაც მინისტრობამდე თქვენს კომპანიასთან რაიმე სახის ურთიერთობა ხომ არ ჰქონია. მასთან ნაცნობობა ან მეგობრობა თუ გაკავშირებთ?
– (მცირე დუმილი) კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ ფინანსთა მინისტრთან დიმიტრი ქუმსიშვილთან არასდროს არანაირი სახის ბიზნესპარტნიორობა არ მქონია. ჩემი კომპანია სრულიად დამოუკიდებელი ბიზნესორგანიზაციაა, რომლის მეწილეც, კიდევ ერთხელ ვამბობ, დაარსებიდან დღემდე მხოლოდ მე ვარ.
მიხეილ სააკაშვილის დროსაც ხშირად ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ ეს კომპანია ვანო მერაბიშვილის და დავით კეზერაშვილის იყო. ჭორები ადრეც იყო, საქართველოში გაკოტრებულ პოლიტიკოსებს ვერ წარმოუდგენიათ, რომ შეიძლება სუფთა ბიზნესი არსებობდეს, რომელსაც წელიწადში ქვეყნის ბიუჯეტში 11 მილიონი შეაქვს. ჩემს კომპანიას არცერთ ხელისუფლებაში მფარველი არ ჰყოლია.
ჩემი ყველაზე დიდი „კრიშა“, პატიოსნებაა. ბიუჯეტში საკმაოდ დიდი თანხა შემაქვს და იმას არ ვიმსახურებ, რომ ასეთი ლაფი მომცხონ. ქვეყნის ეკონომიკა ჩვენნაირი სუფთა კომპანიებზე დგას. 350 თანამშრომლი მყავს დასაქმებული, რომელთა საშუალო ხელფასი 800 ლარია და ყოველ თვე ყველა მათგანს პრემიები ერიცხება.
ეს ადამიანები, რომლებიც ჩემს კომპანიას ჩირქს ცხებენ, 90-იან წლებში არიან ჩარჩენილები. საჯარო რეესტრში ინფორმაცია ხომ ღიაა, ნახოს ყველა დაინტერესეულმა ადმიანმა, ვინ არის ჩემი კომპანიის მფლობელი.
– ვინ არის დაინტერესებული, რომ თქვენს კომპანიას ჩირქი მოსცხოს?
– არ ვიცი ვის რა დავუშავე, წარმოდგენა არ მაქვს. თუ სანდრო ბრეგაძეს და ლადო სადღობელაშვილს ქვეყანაზე გული ასე შესტკივათ და ვინმესგან ფულით მოსყიდულები არ არიან, მაშინ ინტერნეტში ჩემი მონაცემები შეიყვანონ და ნახონ, რომ პირველი ადამიანი ვიყავი, რომელმაც ონლაინ-სესხების თავგასულობა და ადამიანების ძარცვა გავაპროტესტე.
პირადად მე ვიყავი ის მევახშე, რომლმაც ქვეყანას მოვუწოდე, რომ ეს უბედურება, რომელიც ხალხის ძარცვის მეტს არაფერს აკეთებს, მოეშორებინა. დამიძახონ მევახშე, არაუშავს, მე ჩემი ქვეყნისთვი იმის კეთებას გავაგრძელებ რასაც აქამდე ვაკეთებდი. ცუდები რომ ვიყოთ, მილიონამდე მომხამრებელი არ გვეყოლებოდა. ეს გაკოტრებული პოლიტიკოსები რამეს რომ წარმოადგენდნენ, მნიშვნელოვანი ადგილი ექნებოდათ დაკავებული.
ელზა პაპოშვილი