უცხოელი ექსოერტები არ მალავენ, რომ ქართული მხარე, “გაზპრომთან” მოლაპარაკების დროს, კრემლის მიერ დაგეგმილ აფიორას წამოეგო. როგორც იცით, მოლაპარაკებების თანახმად, საქართველოს “გაზპრომისგან” ტრანსფერის საფასურს ნატურით აღარ მიიღებს. რუსული მხარე საქართველოს ირანული მილსადენის გამოყენებით იმუქრებოდა, თუმცა, როგორც ჩანს და როგორც ირანისა თუ აზერბაიჯანის ექსპერტები იუწყებიან, ეს ნამდვილი ბლეფი იყო.
საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის მოადგილე რუსულ-ირანული ურთიერთობების ბოლო დროინდელ დათბობაზე მიუთითებს და განმარტავს, რომ ამჯერად რუსული მხარის ულტიმატუმი, საქართველოზე გაზის ტრანზიტი საერთოდ შეეწყვიტა, ყველაზე უფრო დამაჯერებელი იყო.
უკრაინაზე გამავალი მაგისტრალური მილსადენების საშუალებით, რომლითაც რუსულ გაზს ევროპას აწვდის, ქვეყანა წლიურად 90 მილიარდ კუბურ მეტრამდე რუსულ გაზს ატარებს და სატრანზიტო ანაზღაურების სახით 2.5 მილიარდ დოლარსაც იღებს და ეს იმის გათვალისწინებით, თუ როგორ და რამდენჯერ დაიძაბა ორ ქვეყანას შორის ურთიერთობა.
ცნობილი გახდა, რომ ტარიფი, რომლითაც საქართველო გაზპრომს მოემსახურება, ემთხვევა უკრაინულ ტარიფს, თუმცა უკრაინული მხარე კარგა ხანია ამ ტარიფის სამჯერ გაზრდას მოითხოვს.
ზუსტად რა მოცულობის ბუნებრივი აირი დააკლდება საქართველოს ენერგო სისტემას, ენერგეტიკის სამინისტროში ისევ კომერციული საიდუმლოს მოტივით, არ აკონკრეტებენ, თუმცა მიუთითებენ, რომ საჭიროების შემთხვევაში საქართველოს რუსული გაზის ფიქსირებულ ფასად შეძენის საშუალება ექნება.
ბუნებრივი აირის რა მოცულობის მიღება შეეძლება საქართველოს სინამდვილეში უცნობია. ასევე უცნობი რჩება წვრილმანები, რომელიც მოლაპარაკებების დროს შეთანხმდა.
“პოსტსკრიპტუმი”