ალექსანდრე ჯეჯელავას განცხადებით, მანდატურზე, რომელიც არასრულწლოვანი გოგონას გაუპატიურებაშია ეჭვმიტანილი, მისი ცოლად მოყვანის ან არ მოყვანის შემთხვევაში პასუხისმგებლობისგან ვერ გათავისუფლდება. მინისტრის თქმით, სამართლის კოდექსს ცოლად მოყვანა-არ მოყვანა არ აინტერესებს, ამიტომ მისი დევნა კვლავ გაგრძელდება.
მინისტრი აცხადებს, რომ მომხდარის გამო, მანდატურის პროფესიის მიმართა ნდობა არ უნდა დაიკარგოს. ამიტომ, ის გამოძიების გაგრძელების მომხრეა.
„ ცუდი ყველგან ხდება, ამიტომ არც ეს ფაქტი არ არის გამონაკლისი. ამ ინსტიტუტის მიმართ, ნდობა არ უნდა შეილახოს. ის ადამიანი აღარ მუშაობს ჩვენს სამსახურში და მის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნაა დაწყებული. ძალიან სამწუხაროა ჩვენი საზოგადოების დამოკიდებულება ასეთ ადრეულ ასაკში ქორწინების მიმართ, რომელიც რჩება ტოლერანტური, რაც პრინციპში კარგი არ არის.
ჩვენს თანამოქალაქეებს აქტიური მუშაობით და განათლებით უნდა დავანახოთ, რომ ასეთ ასაკში ოჯახის შექმნა დაუშვებელია“ – განაცხადა ალექსანდრე ჯეჯელავამ.
შეგახსენებთ, რომ იმერეთის რეგიონში მანდატურს 15 წლის მოსწავლესთან სქესობრივ კავშირში ბრალს სდებენ. მანდატური 40 წლისაა და რამდენიმე წელია სკოლაში მუშაობს, 15 წლის მოსწავლე კი აღნიშნულ სკოლაში 1 წლის წინ გადავიდა. განათლების სამინისტროში მომხდარ ფაქტს ადასტურებენ და აცხადებენ, რომ მანდატური სამსახურიდან გაათავისუფლეს.
შსს-ში კი ამბობენ, რომ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 140-ე მუხლითაა აღძრული, რაც თექვსმეტი წლის ასაკს მიუღწეველთან სქესობრივი კავშირის ან სექსუალური ხასიათის სხვაგვარ მოქმედებას გულისხმობს. დანაშაულის დამტკიცების შემთხვევაში მანდატურს შვიდიდან ცხრა წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.