ქელეხს გვიმზადებდნენ და დაბადების დღე გამოვიდა , -ასე მიმართა ენმ-ს მხარდამჭერებს საგარეო საქმეთა ყოფილმა მინისტრმა, გრიგოლ ვაშაძემ სპორტის სასახლეში:
„ეს იმიტომ, რომ სიმართლე თქვენ მხარეს არის, იმიტომ, რომ ქვეყანა გადაარჩინეთ კორუფციისგან. თქვენ ბიუჯეტს ხარჯავენ, თქვენი შექმნილი პოლიცია იცავთ, თქვენ ინსტიტუციებში სხედან, მაგრამ ეს ყველაფერი უკვე წარსულია.
წიხლისკვირთ გააგდეთ პარტიიდან ადამიანი, ვისაც შემაჩნევთ, რომ იდაყვებით მუშაობს თანადებობების დაკავებისთვის. მოძრაობის ყველა წევრს შუბლზე, მანჟეტზე და გულზე უნდა ეწეროს: „ჩემთვის პირადად არაფერი არ მინდა“. -განაცხადა ვაშაძემ.
„ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობის მონაწილეებს დღეს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილიც მიმართავს. ამის შესახებ ინფორმაციას პარტიის წევრები ავრცელებენ.
პარტიის რიგით მეშვიდე ყრილობა სპორტის სასახლეში იმართება. ყრილობაზე დასასწრებად 7 136 დელეგატი უკვე რეგისტრირებულია.
ყრილობას მთლიანობაში 9 000 ადამიანი დაესწრება.
ყრილობაზე პარტიის პოლიტსაბჭო დაკომპლექტდება, რომლის თანათავმჯდომარეებს ყრილობა აირჩევს. უკვე ცნობილია, რომ პოლიტსაბჭოს ორი თანათავმჯდომარე – ნიკა მელია და ზაზა ბიბილაშვილი ეყოლება.
ყრილობაზე პოლიტსაბჭოს ახალ შემადგენლობას და ასევე, სხვა მმართველობით თანამდებობების პირებს აირჩევენ.