ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

საია-მ შესაძლოა ენერგეტიკის სამინისტროს უჩივლოს

ენერგეტიკის სამინისტროს მიერ „გაზპრომთან“ მიღწეული შეთანხმების შესახებ საჯარო ინფორმაციის გაცემაზე უარის თქმის შემთხვევაში, საია სასამართლოს მიმართავს.

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის პროექტის კოორდინატორი სულხან სალაძე ამბობს, ენერგეტიკის მინისტრის კახა კალაძის გუშინდელი განცხადება  საია-ს მოთხოვნაზე პასუხად ვერ ჩაითვლება.

„ჩვენ მივმართეთ ენერგეტიკის სამინისტროს წერილობითი ფორმით, შესაბამისად, პასუხსაც ველოდებით წერილობითი სახით. მე არ ვთვლი, რომ მინისტრის გუშინდელი განცხადება არის პასუხი ჩვენი განცხადების სანაცვლოდ. რაც შეეხება იმ ნაწილს, რომ ის შეეცდება, „გაზპრომთან“ მიღწეული შეთანხმების შესახებ უფრო მეტი ინფორმაცია გახდეს ხელმისაწვდომი საზოგადოებისთვის, ჩვენ ამას მხოლოდ მივესალმებით. რაც უფრო მეტი ინფორმაცია ექნება საზოგადოებას ამ შეთანხმების შესახებ, მით უფრო ნაკლები კითხვები გაჩნდება. სამინისტროს აქვს 10 სამუშაო დღე და ჩვენ ამ ვადაში ველოდებით წერილობით პასუხს. ჩვენი შემდგომი მოქმედებები დამოკიდებული იქნება სწორედ ამ წერილობით პასუხზე და არა მინისტრის, დეპუტატის და საჯარო მოხელეების განცხადებებზე. თუკი 10 სამუშაო დღის განმავლობაში არ იქნება გაცემული ინფორმაცია, ჩვენ გვაქვს უფლება, მივმართოთ სასამართლოს და სასამართლოს წესით მოვთხოვოთ ინფორმაციის გაცემის დავალდებულება. ეს არ ნიშნავს, რომ სამინისტრო გასცემს ყველა იმ ინფორმაციას, რაზეც ჩვენ გვაქვს განცხადება წარდგენილი, მარგამ სასამართლო დაავალდებულებს ასეთ შემთხვევაში, რომ გაგვცენ წერილობითი პასუხი. მე არ მაქვს მოლოდინი, რომ ენერგეტიკის სამინისტრო უპასუხოდ დატოვებს ამ წერილს და ვფიქრობ, წერილობითი პასუხი აუცილებლად იქნება გაცემული, სხვა თემაა, რა ეწერება ამ წერილობით პასუხში. თუ საერთოდ უპასუხოდ დარჩება ჩვენი განცხადება, ბუნებრივია, მივმართავთ სასამართლოს“, – განაცხადა სალაძემ.

მისივე თქმით, ეს არის სტანდარტული წესი, რომელსაც ორგანიზაცია მიმართავს ყოველთვის, როცა ადმინისტრაციულ ორგანოს საჯარო ინფორმაციის გაცემაზე უარს ამბობს.

„ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“ ენერგეტიკის სამინისტროსგან „გაზპრომის“ მიერ სომხეთში საქართველოს გავლით გაზის ტრანზიტთან დაკავშირებული გარკვეული ინფორმაციის გაცემას მოითხოვს. შესაბამისი განცხადებით ენერგეტიკის სამინისტროს საია-ს პროექტის კოორდინატორმა სულხან სალაძემ გუშინ მიმართ. საია უწყებისგან მოითხოვს შემდეგი ინფორმაციის გაცემას:

1. საქართველოს გავლით სომხეთში რუსული გაზის ტრანზიტის სანაცვლოდ „გაზპრომთან“ გაფორმებული იმ ხელშეკრულების ასლი, რომლის მოქმედების ვადაც 2016 წლის 31 დეკემბერს ამოიწურა;

2. 2017 წლის 1-ელი იანვრიდან საქართველოს გავლით სომხეთში რუსული გაზის ტრანზიტის სანაცვლოდ ახალი ხელშკრულების გაფორმების მიზნით „გაზპრომთან“ წარმოებული მოლაპარაკების ამსახველი ყველა ოფიციალური დოკუმენტის ასლი;

3. 2017 წლის 1-ელი იანვრიდან საქართველოს გავლით სომხეთში რუსული გაზის ტრანზიტის სანაცვლოდ გასაფორმებელი ახალი ხელშეკრულების თაობაზე „გაზპორმთან“ მიღწეული შეთანხმების ასლი.

იტვირთბა....