აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

გენოციდური ნარკოტიკი: კლუბური და სააფთიაქო აბი, რომელიც პერიოდულად კლავს

„ახალი წლიდან დღემდე, ე.წ. კლუბური ნარკოტიკით მოწამვლის შედეგად  კლინიკებში 60-მდე პაციენტი შეიყვანეს“

ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ექიმების ინფორმაციით, ნარკოტიკული საშუალებების ზედოზირებით მოწამვლის შედეგად გამოძახებები გახშირდა. მედიკოსების ინფორმაციით, ნარკოტიკით ინტოქსიკაციის ხშირი შემთხვევები, როგორც ე.წ. კლუბური ნარკოტიკების, ასევე სააფთიაქო ნარკოტიკების მოხმარების შედეგად ხდება.

თუმცა, სასწრაფო სამედიცინო დახმარების პრესსამსახურში „მეტრონომს“ განუცხადეს, რომ ნარკოტიკით ზედოზირებით მოწამვლის შემთხვევების სტატისტიკური მონაცემები არ არსებობს, რადგანაც პაციენტების გადანაწილება სხვადასხვა საავადმყოფოებში ხდება. თუმცა, თბილისის ერთ-ერთი საავადმყოფოს მორიგე ექიმმა გვითხრა, რომ ახალი წლიდან დღემდე, ე.წ. კლუბური ნარკოტიკით მოწამვლის შედეგად  60-მდე პაციენტი შეიყვანეს.

„მეტრონომი“ ქართველ ახალგაზრდას ესაუბრა, რომელიც როგორც კლუბური, ასევე სააფთიაქო ნარკოტიკის ხშირი მომხმარებელია. ახალგაზრდა, რომლის ვინაობასაც მისივე თხოვნიდან გამომდინარე არ ვასახელებთ, ამბობს, რომ ნარკომაფიამ ახალგაზრდებს ახლა სრულიად სხვა მხრიდან შეუტია.

როგორც ახალგაზრდა „მეტრონომთან“ საუბრისას ყვება, გავრცელებული ნარკოტიკების ნაცვლად, ახლა, ბაზარზე იაფფასიანი, ყველასთვის ხელმისაწვდომი მედიკამენტებით “კაიფს” სთავაზობენ.

მისი თქმით, ეს “სიამოვნება” იმაზე ხშირად მთავრდება ფატალურად, ვიდრე ეს ცნობილი ნარკოტიკების მოხმარების დროს ხდებოდა.

“მეტრონომის” რედაქცია წამლების სრულ დასახელებას გასაგები მიზეზების გამო არ აქვეყნებს.

ახალგაზრდის ინფორმაციით, ახლა საქართველოში ყველაზე ხშირად ე.წ. „ბ…ნი“, „ჰ…ნი“, „ბ…-ნის“ კომბინაციას იყენებენ, რომელიც წინა პრეპარატებზე უფრო ძლიერ მოქმედია. მომხმარებელი ამბობს, რომ ყველა მის მიერ ხსენებული პრეპარატები რეცეპტით იყიდება, თუმცა მის შეძენას სხვადასხვა აფთიაქებში მაინც ახერხებენ.

„ახლა საქართველოში ყველაზე ხშირად კლუბური და სააფთიაქო ნარკოტიკების მიღებაა მოდაში. დაგისახელებთ სამ კლუბს სადაც ვითომ ექსტაზს ყიდიან, მაგრამ სინამდვილეში ქიმიურ ნივთიერებებს გვატყუებენ. მე მაგალითად, ასეთ ნარკოტიკებს ხშირად კლუბ „ბასიანში“, „მტკვარზე“ და „ხიდში“ ვყიდულობ. ეს ინფორმაცია ყველა იმ ახალგაზრდამ იცის, ვინც ამ კლუბებში ხშირად დადის. ვიცი, რომ ამ ბოლო დროს რამდენიმე ახალგაზრდაც გარდაიცვალა.

ხშირად ნარკომომხმარებლები, მაგალითად “ტ…ინს”, “გ…ას”, “გ…ნს”, “გ…ინს” იყენებენ, ყველა ურეცეპტოდ შეგვიძლია ვიყიდოთ და არც ძვირი არა ჯდება. ზოგზე 5 ტაბლეტიც მოქმედებს საკაიფოდ, ზოგს 10-იც ვერ აკაიფებს, თანაც რაც უფრო დიდხანს სვამ, დოზა უფრო უნდა გაზარდო, რომ ეფექტი არ დაკარგოს. მაგრამ შემდეგ საშინელი „ლომკა“ იცის. ასევე დამოკიდებულების გაზრდა სწრაფად ხდება. ადრე თუ 10 გყოფნიდა, შემდეგ შეიძლება 20-მა ტაბლეტმაც აღარ გაჭრას.

ამ მედიკამენტებს “კალიკებს” ვეძახით. ჯერ ერთი მოდურია, მერე ყველაფერს გავიწყებს და იმ მომენტში ძალიან მაგრად ხარ – ენერგიაზე, გგონია რომ უპრობლემო და კაი ტიპი ხარ. ეს იმ მომენტში ფიქრობ ასე, თუმცა როცა მისი ზემოქმედება გადის, კარგად ხვდები, რომ ეს არის ლეგალური ნარკოტიკი და ვიღაცა ამით დიდ ფულს შოულობს.

არის ერთი, ხველის წამალი. მისი დიდი რაოდენობით მიღება შპრიცის ნარკოტიკზე უარესია. გიჟივით ხდები, თვალების გუგები გიფართოვდება, რაღაც სხვა სამყაროში ხვდები. შუა ქუჩაში შეიძლება ვინმეს თავიც უპრობლემოდ მოაჭრა, მაგრამ რომ გამოხვალ მდგომარეობიდან, შეიძლება ამის გამო, თავიც კი  მოიკლა“, – ამბობს ნარკოდამოკიდებული ახალგაზრდა.

ფსიქიკური ჯანმრთელობის და ნარკომანიის პრევენციის ცენტრის მიმღები ნარკოლოგი მარი ლიქოკელი ამბობს, რომ  ქვეყანაში ახლა ყველაზე გავრცელებული ნარკოტიკები, რომლითაც ახალგაზრდების ხშირი ინტოქსიკაცია ხდება, ე.წ. კლუბური და სააფთიაქო ნარკომანიაა. ნარკოლოგის განცხადებით, კლუბურ ნარკოტიკებში წამყვანი ადგილი, ექსტაზს უკავია, რომელსაც სტიმულატორ-ჰალუცინოგენს უწოდებენ.

ნარკოლოგის განცხადებით, ეს არის  როგორც ტაბლეტების, ასევე -კაფსულების სახით,  ფხვნილის აბები, რომელსაც ცხვირიდანაც კი იწოვენ, და უფრო მეტიც,  ინექციის სახითაც კი იკეთებენ.  მისი მოქმედება 30-40 წუთში იწყება და მისი ეფექტი დაახლოებით ორი საათის განმავლობაში გრძელდება. ლიქოკელის განცხადებით, ექსტაზის ძირითადი გამოვლინება გუნება-განწყობის გაუმჯობესება, ენერგიის მომატება, დაძაბულობის მოხსნა, კონტაქტის გაადვილება და ენერგიის მოზღვავებაა. ამის შემდეგ კი მას ურაყოფითი შედეგები მოჰყვება, ეს არის პირის სიმშრალე, ოფლიანობა, ტაქიკარდია და დედოზირება, რომელიც უკვე  სასწრაფო დახმარებას საჭიროებს.

„არის შემთხვევები, როდესაც ჩვენთან შემოსულ პაციენტს, ე.წ. კლუბური ნარკოტიკი აქვს მიღებული, თუმცა ეს არ არის გავრცელებული ექსტაზი და არის გაურკვეველი ქიმიური ნივთიერების შემადგენლობის მქონე პრეპარატი, რომლის დადგენამდე პაციენტის მკურნალობა ძალინ რთულად ხდება. რა თქმა უნდა, ასეთ შემთხვევაში სიტუაცია კიდევ უფრო რთულდება, იმდენად, რომ პაციენტი შესაძლოა ფსიქიკურ აშლილობამდეც კი მივიდეს.

მოწამვლა ხშირ შემთხვევაში, ჰიპერთემიით, კოლაფსით,  კონუსებით და ა.შ. ვლინდება. სამწუხაროდ კლუბური ნარკოტიკი უწყინარი პრეპარატი არ არის. ახალგაზრდები მასზე ჩვეულებრივად დამოკიდებულები ხდებიან, რომელიც ყოველდღიური მოთხოვნილების სახეს იღებს.

რაც შეეხება სააფთიაქო ნარკომანიას, ახლა ყველაზე ხშირად „ბ…ნ-გ…ნის“ ერთობლივ კომბინაციას იყენებენ. ეს კი საკმაოდ მძიმე და ლეტარულ შედეგებს იწვევს. ადამიანი მასზე ძალიან მალე ხდება დამოკიდებული და მისი მკურნალობაც საკმაოდ რთულია. ასევე გააჩნია, ამ კომბინაციას რა ფორმით მივიღებთ.

ყველაზე საშიში და მძიმე შედეგის მომცემი, მისი ხსნარის სახით ინტრავენურად მოხმარებაა. ეს კი მძიმე დამოკიდებულებას იწვევს და მკურნალობაც ნაკლებად ეფექტურია. არ ვიცი, ამ ნარკოტიკებით ბოლო დროს ინტოქსიკაციის რამდენი შემთხვევა დაფიქსირდა სტატისტიკურად, ვერ გეტყვით, თუმცა დაგიდასტურებთ, რომ მასზე დამოკიდებული ახალგაზრდების რიცხვი სწრაფად იზრდება“ – ამბობს ნარკოლოგი.

ნარკოლოგის განცხადებით, ამ ნარკოტიკების მოქმედების ხანგრძლივობა დაბალია. ამიტომაც მომხმარებელი დღის განმავლობაში მას 5-ჯერ ან 6-ჯერ იღებს. ასევე დიდი მნიშვნელობა, მის დოზას ენიჭება. ადამიანი ნარკოტიკს რაც  უფრო ეჩვევა, მისი მიღების რაოდენობა მით უფრო იზრდება,  რადგანაც ის მოქმედების ეფექტურობას კარგავს.

ქალდანის თქმით, სამწუხაროდ მას შპრიცის ნარკოტიკზე ძლიერი ლომკა აქვს და მომხმარებელი ხშირ შემთხვევაში, ფსიქოზურ მდგომარეობამდეც მიდის. ამ დროს კი სუიციდის და თვითდაზიანებების მცდელობა საკმაოდ ხშირია. ნარკოტიკი სასიკვდილო ინექციის სახეს განსაკუთრებით მაშინ იღებს, თუ მისი მოხმარება ალკოჰოლთან ერთად ხდება.

ელზა პაპოშვილი

 

იტვირთბა....