როდესაც ევროპარლამენტის ჯგუფებზე ვსაუბრობთ, ქართველ ხალხს ამ ადამიანებთან არანაირი ღირებულებითი კავშირი არა გვაქვს – ჩვენ ღირებულებით სხვადასხვა სამყაროში ვართ, ამათთან არაფერი საერთო არა გვაქვს და ამ ადამიანებთან არანაირი ღირებულებითი ერთობა არ გვაქვს! რა გვაქვს მათთან საერთო?! – არაფერს ქართულს ისინი პატივს არ სცემენ! – ასეთი იყო შალვა პაპუაშვილის პასუხი „ევროპის სახალხო პარტიის“ სამი დეპუტატის ინიციატივაზე, რომლებიც ევროპარლამენტში საქართველოს შესახებ მომზადებულ ანგარიშში „იმედის“, „რუსთავი2“-ის და POSTV-ს დამატების წინადადებით გამოდიან.
პაპუაშვილმა ამავე კონტექსტში აღნიშნა, რომ „ჩვენ ღირებულებითი ერთობა ამ დღეებში თბილისში ვნახეთ – ქართველი ერის შიგნით და სხვა ქვეყნებთან, მათი წარმომადგენლების აქ ყოფნით“.
პაპუაშვილის შეფასებითვე, „ამ სამ პოლონელ დეპუტატს არ ესმის დემოკრატია, პატივს არ სცემენ სუვერენიტეტს, ქართველ ხალხს და ქართველი ხალხის მწუხარებას“.
პაპუაშვილმა დღეს კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ „ევროკავშირი თავისი ღირებულებებით ევროპა აღარ არის“.
„ამ სამი პოლონელი დეპუტატის ქცევის კონტექსტი რომ გვესმოდეს – ეს სამი პოლონელი დეპუტატი არის „ევროპის სახალხო პარტიის“ და პოლონეთის სახელისუფლო პარტიის წევრი. სახალხო პარტია არის ის გაერთიანება, რომელიც ყრილობების დროს მიხეილ სააკაშვილის ცარიელ სკამს დგამს. ეს არის მათი ღირებულებითი სტანდარტი, რაც დიქტატორის მხარდაჭერას გულისხმობს.
პოლონეთის მთავრობა არის ის მთავრობა, რომელთან დაკავშირებულმა პირმა ე.წ. „მოსკოვის მექანიზმს“ გაუკეთა ინიცირება. მასთან დაკავშირებული და მისგან დაფინანსებული პირი ჩასვა ექსპერტად და ვნახეთ, რა ტექსტიც შედგა რამდენიმე დღეში, რომელიც სავსეა ცილისწამებით საქართველოს წინააღმდეგ. ასე რომ, პოლონეთის მთავრობის ანტიქართულ პოლიტიკაში გასაკვირი არაფერი არ არის. იმისაც შეგახსენებთ, რომ სწორედ მთავრობის ექიმები იყვნენ თავის დროზე მიხეილ სააკაშვილთან სპეცოპერაციას რომ ატარებდნენ და რაღაც ნიმუშები წინდებით გაჰქონდათ. პოლონეთის მოქმედი საგარეო საქმეთა მინისტრია, რომელიც დიქტატორ სააკაშვილს, რომელსაც საქართველოში წამების სისტემა შექმნა, დემოკრატიის მამოძრავებელ ძალას ეძახის.
ჩვენ კარგად უნდა გვესმოდეს, რომ ამ ხალხთან ჩვენ არანაირი ღირებულებითი კავშირი არა გვაქვს. ისინი ევროპულ ღირებულებებს ასცდნენ და განუდგნენ ყველაფერს, რასაც ევროპული ცივილიზაცია ჰქვია – თავი ყველა იმ ღირებულების მიღმა დააყენეს, რაზეც ქართველი ხალხი დგას“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
ევროპარლამენტში საქართველოს შესახებ მომზადებულ ყოველწლიურ ანგარიშს, შესაძლოა “იმედის“, „რუსთავი2“-ის და POSTV-ს საკითხი დაემატოს. „ევროსკოპის“ ინფორმაციით, საქართველოს შესახებ ანგარიშში შესაბამისი შესწორებები „ევროპის სახალხო პარტიის“ წევრმა ევროპარლამენტარებმა: კშიშტოფ ბრეიზამ, მიხალ შჩერვბამ და ანდრეი ჰალიცკიმ დააინიცირეს. ერთ-ერთ შესწორებაში ნათქვამია, რომ აღნიშნული ტელევიზიები „სისტემატურად ავრცელებენ დეზინფორმაციას და მოქმედებენ როგორც „ქართული ოცნების“ რეჟიმის საკომუნიკაციო ინსტრუმენტები“.

