“დონეცკის რეგიონიდან უკრაინული ჯარების გაყვანის საკითხზე აშშ, რუსეთთან ერთად, უკრაინაზე ზეწოლას ახდენს, თუ პროგრესი არ იქნება, აშშ შესაძლოა მოლაპარაკებებიდან გამოვიდეს და ირანში სამხედრო ოპერაციაზე გაამახვილოს ყურადღება” – ამის შესახებ „უკრაინსკაია პრავდა“ წერს.
როგორც გამოცემა წერს, ზელენსკის გუნდის ერთ-ერთი წევრის განცხადებით, რომელმაც ანონიმურობა ისურვა, 21-22 მარტს აშშ-უკრაინის მოლაპარაკებების მორიგი რაუნდისას ამერიკული მხარე უკრაინას კვლავ გარკვეული ტერიტორიების დათმობისკენ მოუწოდებდა, რაც უკრაინისთვის მიუღებელია.
„ამერიკელები ვერ ხედავენ, სად შეგვიძლია შევთანხმდეთ მთავარ საკითხზე. ამან შეიძლება, აიძულოს ისინი საერთოდ გამოვიდნენ პროცესიდან და ირანზე ფოკუსირდნენ, მათ არჩევნებზე და ა.შ. ისინი მზად არიან, რეალური უსაფრთხოების გარანტიებიც კი შემოგვთავაზონ, თუ დონბასიდან გავალთ. თუმცა, უბრალოდ ვერ წარმომიდგენია, როგორ შეიძლება ამის განხორციელება უკრაინაში“, – განუცხადა წყარომ უკრაინულ მედიას.
მისივე თქმით, უკრაინელები ყველანაირად ცდილობენ ტერიტორიების დათმობა არ მოუწიოთ და ამაში შეერთებული შტატები დაარწმუნონ.
„ჩვენი ხალხი დიდ დროს ხარჯავს, რომ როგორმე გადააფიქრებინოს ამერიკელებს გაყვანის იდეა რაიმე სახის ეკონომიკური ზონების შექმნის ან სხვა რამის სასარგებლოდ, თუმცა რაღაც მომენტში ყველაფერი მიტოვებულია და ისევ გვესმის, რომ „ჩვენ უნდა გავიდეთ““, – აღნიშნა წყარომ.

