ახალი ამბები ვიდეო მთავარი პოლიტიკა

„სააკაშვილი ჩემთვის დამთავრდა“: “ის აღარაა ლიდერობის ღირსი” (ვიდეო)

 

„ეს პარტია არ შეუქმნია სააკაშვილს. დიახ, ის იყო პირველი თავმჯდომარე, მაგრამ ეს პარტია შექმნა ბევრმა თავისუფალმა ადამიანმა. ნაწილი მათგანი ციხეში იმყოფება, მათ შორის გენერალური მდივანი“ , – ამის შესახებ გიგი უგულავამ სპეციალურ ბრიფინგზე განაცხადა. მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილი ენმ-სთვის პრობლემაა:

„მიხეილ სააკაშვილი დღეს მხოლოდ საკუთარი თავის პრობლემაა და ჩვენთვის – ადამიანური ტკივილი, მაგრამ როცა ის ლელა ქებურიას დაუწყებს „პრავების კაჩავს“, ის აღარ არის პარტიის ლიდერობის ღირსი.

პოლიტიკოსები გემსახურებით თქვენ, როგორც მანქანები, მაგრამ როცა დაკარგავს ის ფუნქციას, უნდა დააყენო და მოუარო როგორც ანტიკვარს, მაგრამ თუ ანტიკვარად არ იქცა და გაწუხებს, უნდა მოისროლო, როგორც ჯართი.

დიახ, მეგობრებო, 2012 წელს დიდი კვარცხლბეკიდან ჩამოვვარდით, ხალხის გადაწყვეტილებით და ეს უნდა მივიღოთ. უნდა დავამტკიცოთ, რომ ქვეყნის კრიზისიდან გამოყვანა შეგვიძლია, მათ შორის ჩვენი არასწორი ქმედებები უნდა გავაანალიზოთ, დავძლიოთ ის პრობლემები, რაც თანამოქალაქეებს აინტერესებს.

რეფორმა უნდა ჩატარდეს პარტიაში რომ მოქალაქეები დარწმუნდნენ, რომ პარტიას ქვეყნის კრიზისიდან გამოყვანა შეუძლია.

როცა პარტიას თვითონვე დაანგრევ, ისმის კითხვა, ამის უფლება გაქვს? მასთან პოლემიკაში აღარ შევალ, რადგან პოლიტიკური დევნილია და ის დარჩება დევნილად  მანამ, სანამ უაზრო საქმეებია მის მიმართ  აღძრული. მაგრამ ჩემთვის წითელი ხაზი იყო როცა ზუგდიდში მისი საუბარი მოვისმინე. იქ დამთავრდა ჩემთვის მიხეილ სააკაშვილი. ერთი პროცენტით მაინც რომ დამეჯერებინა, რომ ამ ადამაიანს ასეთი მეტყველებით ივანიშვილის დამარცხება შეუძლია, დანარჩენ 99 პროცენტს გვერდზე გადავდებდი, რადგან მთავარი პრობლემა ივანიშვილია. მაგრამ მანვე არ დატოვა ერთიანობის ეს ერთი პროცენტი და ამ პარტიის დანგრევაზე პასუხისმგებელი ერთადერთი ადამიანია- რომელმაც ეს პარტია შექმნა. მაგრამ წარსულზე აღარ უნდა ვილაპარაკოთ. რეალურ საქმეებს უნდა მივხედოთ.

იმ შანსის გამო და მთელი იმ დროის გამო, რაც სააკაშვილმა მომცა, მადლობას ვეუბნები, უმადური არ ვარ, მაგრამ პოლიტიკა ერთმანეთის მსახურება კი არა, ხალხის მსახურებაა. დღეიდან ვიწყებთ ახალ მოძრაობას. ნოლიდან დავიწყებთ იმ მოძრაობას, რომელიც ქვეყანაში შეცვლის არაფორმალურ რეჟიმს.

მიუხედავად იმისა, ვინ რომელ პარტიაში იქნება, ყველა პოლიტპატიმრის მიმართ სოლიდარული ვიქნები“ ,-განაცხადა უგულავამ.

შეგახსენებთ, დღეს „ნაციონალური მოძრაობა“ ერთმა ფრთამ დატოვა, კერძოდ უგულავა-ბოკერიას ფრთამ, რომლებიც ახალ პოლიტიკურ გაერთიანებას ქმნიან სახელწოდებით „ევროპული საქართველო“. პარტია 21-მა წევრმა დატოვა.

იტვირთბა....