ახალი ამბები მთავარი სამართალი

„ცენტრ-პოინტის“ საქმის მოწმე რჩეულიშვილებზე: „დაახლოებით 17 მილიონი გაიტანეს“

თბილისის საქალაქო სასამართლოში „ცენტრ-პოინტის“ საქმეზე სასამართლო პროცესზე სახელმწიფო ბრალდების მოწმეები იკითხებიან. როგორც ერთ-ერთმა მომწმემ, “ცენტრ პოინტ აჭარას“ მთავარმა ბუღალტერმა დინა სიდამონიძემ აღნიშნა, მაია და გურამ რჩეულიშვილებმა „თეთრი მაგნოლიას“ მშენებლობისთვის განკუთვნილი დაახლოებით 17 მილიონი ლარი სალაროდან გაიტანეს.

“დაახლოებით 17 მილიონი გაიტანეს. ამ თანხიდან გურამ რჩეულიშვილმა ნაკლები თანხა გაიტანა, დანარჩენი თანხა კი მაია რჩეულიშვილმა გაიტანა. ამ თანხებით ხდებოდა შეძენა სხვადასხვა ადგილებზე მიწების და ასევე ხმარდებოდა სხვადასხვა ობიექტებს, მათ შორის რესტორნის მშენებლობას”, – განაცხადა დინა სიდამონიძემ.

სხდომაზე კომენტარი გააკეთა ერთ-ერთმა ბრალდებულმა გურამ რჩეულიშვილმა. მან პროკურორებს მიმართა და ურჩია “ამ საქმეს სიძულვილით არ მიუდგნენ”.

“როცა თქვენ ამ საქმეს უდგებით სიძულვილით, არ მგონია, რომ რამე ობიექტური გამოვიდეს აქედან. თქვენ ისეთი პირობები შექმენით საავადმყოფოში, რომ ავადმყოფმა ქალმა კლინიკაში დარჩენას არჩია საპატიმროში დაბრუნება და იქ ყოფნა, ისეთ მდგომარეობაში როგორშიც არის. კერძოდ, არის სუსტად. მნიშვნელობა არ აქვს კეთილთვისებიანია თუ არა სიმსივნე. ყველანაირად შეეცადეთ, რომ 60 წლის ქალისთვის შეგექმნათ ისეთი პირობები, რომ დაეტოვებინა საავადმყოფო, სადაც მართლა კარგი პირობებია და არის გადასარევი დაწესებულება და დაბრუნებულიყო კამერაში, რომელიც მაიას დღევანდელ მდგომარეობას უფრო გაუსაძლისს ხდის. მესმის, რომ რასაც ჩაგძახებენ იმას ამოსძახებთ, მაგრამ ზიზღი რა საჭიროა. თქვენს სახეზე ვხედავ ამ ზიზღს.მგონია, რომ სუბიექტური ზიზღი გაქვთ და ვერ ვხვდები რატომ. თქვენ ვერ განიხილავთ ამ საქმეს, თუ ასე მიუდექით”, – განაცხადა გურამ რჩეულიშვილმა.

ბრალდებულმა მოსამართლესაც მიმართა და აღნიშნა, რომ სასამართლო დარბაზში არა იურიდიული ნორმებისა და ფაქტების განხილვა, არამედ ჭორისა და საზოგადოებაში არსებული წინასწარი განწყობების განხილვა მიმდინარეობს.

“ქალბატონო მოსამართლე, როდესაც თქვენ დაუტოვეთ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა დედაჩემს და არ შეუცვალეთ გირაოთი, ამ გადაწყვეტილებაში არაფერი ჰუმანური არ ყოფილა. ქალის მიმართ, რომელიც კონსტიტუციის თანახმად, ჯერჯერობით უდანაშაულოა, თქვენ წინ და წინ განწყობილი ხართ და ვერდიქტი თქვენს თავში ალბათ გამოტანილი გაქვთ და ეს ყველაფერი ფარსია, რაც აქ მიმდინარეობს. ადამიანი, რომელიც, ასე ვთქვათ, 50%-ით მაინც უდანაშაულოა და ავად არის, თქვენ დატოვეთ სასჯელაღსრულების დაწესებულებაში. თქვენი გადაწყვეტილება ცხადყოფს, რომ იურიდიული ნორმების და ფაქტების განხილვა კი არ მიმდინარეობს, არამედ ჭორებისა და წინაწარი განწყობების განხილვა მიდის, რაც საზოგადოებაშია და მართლა არაჰუმანურია თქვენი მხრიდან ეს”, – აღნიშნა გურამ რჩეულიშვილმა.

დღევანდელი სასამართლო პროცესი ბრალდებულ მაია რჩეულიშვილის გარეშე მიმდინარეობს.

იტვირთბა....