საქალაქო სასამართლოში „ცენტრ-პოინტის“ საქმეზე სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. მოსამართლე მაია შოშიაშვილმა მხარეთა შუამდგომლობები არ დააკმაყოფილა.
ერთ-ერთი ბრალებული გურამ რჩეულიშვილი პროცესზე სიტყვით გამოვიდა და კვლავ მაია რჩეულიშვილის ჯანმრთელობის რთულ მდგომარეობაზე გაამახვილა ყურადღება.
„ყველანაირად ვცადეთ, რომ პირობა შეგექმნათ 60 წლის ქალისთვის. დაგეტოვებინათ საავადმყოფოში, სადაც მართლა კარგი პირობებია და არ დაგებრუნებინათ ციხეში, სადაც არსებული პირობები მის ავადმყოფობას და დღევანდელ მდგომარეობას უფრო გაუსაძლისს ხდის,“- განაცხადა გურამ რჩეულიშვილმა სასამართლოში.
“ცენტრ პოინტის” საქმის განხილვა ბრალდებულ მაია რჩეულიშვილის მონაწილეობის გარეშე გაგრძელდა, რადგან მოსამართლე მაია შოშიაშვილმა არ დააკმაყოფილა დაცვის მხარის შუამდგომლობა სასამართლო პროცესის გადადების შესახებ იქამდე, ვიდრე “ცენტრ პოინტის” დამფუძნებელი და ხელმძღვანელი მაია რჩეულიშვილი არ შეძლებს პროცესში მონაწილეობას.
როგორც მოსამართლემ განმარტა, ბრალდებულის განცხადებას, რომ სუსტად ყოფნის გამო ვერ დაესწრება დღევანდელ პროცესს, არ ერთვის ექიმის დასკვნა, რომლითაც დასტურდება, რომ მაია რჩეულიშვილი შეუძლოდ ყოფნის გამო ვერ გამოცხადდა დღევანდელ სასამართლო პროცესზე.
ამ დროისთვის, ბრალდების მხარის მოწმეები იკითხებიან, კერძოდ, “ცენტრ პოინტ” აჭარას ბუღალტრები, რომლებიც როგორც პროკურორები აცხადებენ, მაია რჩეულიშვილის მამხილებელ ჩვენებებს მისცემენ.