პოლიტიკური ორგანიზაცია „გირჩი“ საქართველოს მთავრობას მიმართავს და მოუწოდებს კანონის წინაშე თანასწორობის პრინციპის დაცვით, ხელისუფლებამ გამოიყენოს თავისი დისკრეციული უფლებამოსილება და საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებამდე შეაჩეროს 265-ე მუხლით განხორციელებული ყველა სისხლის სამართლებრივი დევნა.
„2016 წლის 31 დეკემბრის ღამეს, გირჩის ოფისში შედგა სამოქალაქო დაუმორჩილებლობის აქტი. ადამიანებმა გააპროტესტეს რეპრესიული, არაჰუმანური ნარკოპოლიტიკა და მოითხოვეს სახელმწიფოსგან ადამიანის უფლებების პატივისცემა.
დაუმორჩილებლობის აქტის ყველა დეტალი იყო საჯარო, პოლიტიკური პარტიის პოზიცია კი ცნობილი იყო საჯაროდ გაკეთებული არაერთი განცხადებით.
ხელისუფლებას ჰქონდა ორ თვემდე ვადა პოლიტიკური გადაწყვეტილების მისაღებად ან ვალდებულება – 31 დეკემბერსვე ემოქმედა ისევე, როგორც მოქმედებს რიგითი მოქალაქეების მიმართ.
დღეს, დაუმორჩილებლობის აქტის ჩატარებიდან თერთმეტი დღის გასვლის შემდეგ, შინაგან საქმეთა სამინისტრო იკავებს პოლიტიკური პარტიის ოფისს და მტკიცებულებების სახით აღწერენ და იღებენ კანაფის ნარგავებს.
დღეს გირჩს დაგეგმილი ჰქონდა საქალაქო სასამართლოსთან გაეპროტესტებინა მოქალაქის მიმართ იგივე დანაშაულისთვის სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის დაკისრების ფაქტი. აღსანიშნავია, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 265-ე მუხლი, რომლის გამოც ტარდება საგამოძიებო მოქმედებები, გასაჩივრებულია საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში.
ჩვენ მოვითხოვთ პოლიტიკური გადაწყვეტილების ან საკონსტიტუციო გადაწყვეტილების მიღებამდე ხელისუფლებამ შეაჩეროს ყველა საქართველოს მოქალაქის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა.
გირჩის მიერ ორგანიზებული სამოქალაქო დაუმორჩილებლობის აქტის ირგვლივ გამოძიება მიმდინარეობს 265-ე მუხლის პირველი ნაწილით. მორალური დისკომფორტის გამო, ხელისუფლება ვერ იღებს პოლიტიკურ გადაწყვეტილებას და ვერ აკავებს ამ პოლიტიკური აქტის მონაწილეებს. თუმცა მორალურად სწორი პოზიცია, იგულისხმება, რომ ადამიანებს უფლება აქვთ, პირადი მოხმარების მიზნით ფლობდნენ კანაბისის შემცველ პროდუქტებს, არ ცვლის არსებულ რეალობას, რომ საქართველოში სსკ-ის 265 მუხლით გასამართლებულია ათასობით ადამიანი და ასობით მოქალაქე, ამ კონკრეტული მუხლის შინაარსის გამო, ამჟამადაც სისხლის სამართლებრივად იდევნება. ამავდროულად, აღნიშნული მუხლის კონსტიტუციასთან შესაბამისობაზე უკვე მსჯელობს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო.
ამიტომ, რადგან ცხადად ჩანს, რომ სიმართლე კანონის მხარეს არ არის, რადგან ეს კანონი გასაჩივრებულია საკონსტიტუციო სასამართლოში და რადგან ამ უსამართლო კანონის ფაქტობრივი აღსრულება ჭირს საზოგადოების მეტ-ნაკლებად გავლენიანი წევრების მისამართით, მოვითხოვთ კანონის წინაშე თანასწორობის პრინციპის დაცვით, ხელისუფლებამ გამოიყენოს თავისი დისკრეციული უფლებამოსილება და საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებამდე შეაჩეროს ამ მუხლით განხორციელებული ყველა სისხლის სამართლებრივი დევნა“- წერია „გირჩის“ მიმართვაში.
შეგახსენებთ, „გირჩმა“ 2016 წლის 31 დეკემბერს ოფისში კანაფი დათესა. შსს-ს ცნობით, გამოძიება ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო დათესვის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ს 265-ე მუხლით). ამ წუთებში „გირჩის“ ოფისში სამართალდამცველები იმყოფებიან, რომლებიც იმ ქოთნებს ლუქავენ, რომლებშიც „გირჩის“ წევრებმა და მხარდამჭრებმა კანაფი დათესეს.