ლევან გაჩეჩილაძე, მისი შვილის, რატი გაჩეჩილაძის მიერ ნიკა გვარამიაზე თავდასხმის ფაქტის აღიარებასთან დაკავშირებით, “რუსთავი 2”-თან სატელეფონო საუბრისას აცხადებს, რომ ეს ჩვეულებრივი ემოცია იყო და გასულ წლებში მათ ოჯახზე განხორციელებული ზეწოლით არის გამოწვეული:
„ჩვეულებრივი ადამიანური მომენტია, რა. დაინახა და გული აერია. რატომ უნდა დაიჭირონ, ხელის დარტყმისთვის? ემოციის კონტროლი შეუძლებელია იმ განვლილი წლების შემდეგ, რა წლებიც მე და ჩემმა მეგობრებმა და ოჯახმა გაიარა. ნიკა გვარამია ერთ-ერთი სათავე იყო ბოროტების და დღემდე არის. ეს ანგარიშსწორება არ ყოფილა, ანგარიშსწორება არის როცა დაგეგმავ და როცა შემთხვევით გადაეყრები. ეს სხვა რამე არის. პატარა სილას ააწნი, ეს ანგარიშსწორება არ არის. ბოდიში გვარამიამ მოუხადოს მთელ საქართველოს. უშუალოდ ნიკა გვარამიასგან ნოემბრიდან რომ დაიწყო, დღემდე არ მთავრდება, ცილისწამება, უხეშობა, მილიონი შეურაცხყოფა, ძალადობა ზევიდან, კინოდან რომ დაიწყო და ბოროტად გამოყენება ტელევიზიის. პროკურორის ტყავიდან ვერ გამოვიდა,“ – აცხადებს გაჩეჩილაძე.
„რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას ცემის ფაქტზე რატი გაჩეჩილაძე დააკავეს.
ინფორმაციას ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
შეგახსენებთ, რომ ნიკა გვარამიამ სოციალურ ქსელში გაავრცელა ინფორმაცია მასზე თავდასხმის შესახებ. მოგვიანებით, ლევან გაჩეჩილაძის შვილმა, რატი გაჩეჩილაძემ, ასევე სოციალურ ქსელში დაწერა, რომ რუსთავი 2-ის გენერალურ დირექტორ ნიკა გვარამიას ფიზიკური შეურაცხყოფა მან მიაყენა:
“ღიად ვაცხადებ: ეს შემთხვევა, რომელიც რესტორან Dinning room- ში მოხდა იყო ჩემი რეაქცია იმ ფიზიკურ და მორალურ შეურაცხყოფაზე, რომელიც მე და ჩემმა ოჯახმა განვიცადეთ განვლილი წლების განმავლობაში გვარამიას და არა მხოლოდ მისგან. ჩემს გარდა იმ ინციდენტში არ მონაწილეობდა არავინ! ცხადია, მისი მამის გარდაცვალების შესახებ არ ვიცოდი და არც შეიძლება მცოდნოდა.
ადვოკატთან ერთად დღესვე, მე თვითონ გამოვცხადდები შესაბამის უწყებაში”, – წერს სოციალურ ქსელში რატი გაჩეჩილაძე.
ნიკა გვარამიაზე თავდასხმა გუშინ საღამოს მოხდა.
ყველაფერს გავაკეთებ, რომ ეს ადამიანები იმდენად მძიმედ დაისაჯონ, რომ სხვას ამის გამეორება აღარ მოუნდეს, – ასეთი განცხადება გააკეთა ნიკა გვარამიამ მასზე მომხდარ თავდასხმაზე.
”მე, როგორც ერთი მოქალაქე ყველაფერს გავაკეთებ, რომ ეს ადამიანები იმდენად მძიმედ დაისაჯონ, რომ სხვას ამის გამეორება აღარ მოუნდეს”, – აღნიშნა გვარამიამ.
ტელეკომპანია ”რუსთავი 2”-ის გენერალური დირექტორის თქმით, თავდაპირველად თავდამსხმელების სამიზნე მხოლოდ ის იყო და მის მეგობრებს ფიზიკური შეურაცხყოფა მას შემდეგ მიაყენეს, რაც ისინი ინციდენტში ჩაერივნენ.
https://www.youtube.com/watch?v=Lyy6sW7dXGo