საპარლამენტო უმრავლესობის წევრ მანანა კობახიძე ნიკა გვარამიაზე თავდასხმის ფაქტს სოციალურ ქსელში ეხმაურება:
“სამწუხაროა, რაც მოხდა, ორმაგად სამწუხარო, რადგან, თურმე ადამიანმა სწორედ ამ დღეს მამა დაკრძალა და ასეთ დროს მტერსაც კი თანავუგრძნობთ ხოლმე.
არცერთ შემთხვევაში, ძალადობას გამართლება არა აქვს, ეს დანაშაულია და დასჯადია. ჩვენ ნუ დავემსგავსებით მათ, ვისაც უსამართლობის გამო ვებრძოდით და ვინც, საზოგადოებამ სწორედ, ადამიანებზე ძალადობის და უსაზღვრო ცინიზმის გამო ჩამოაშორა ხელისუფლებას.
კანონის წინაშე პასუხს აგებს ყველა, ვისაც ბრალი მიუძღვის. აი, “ფეხქვეშ მიწის წვის” მუქარით კი, სამწუხაროდ, თავადვე, ისევ იმ დროს ახსენებენ საზოგადოებას, მართლა მიწა რომ იწვოდა ათასობით დაპატიმრებული, ნაწამები, დასახიჩრებული, გაუბედურებული ადამიანის და მათი ოჯახის წევრების ფეხქვეშ, რაც არამგონია მართებული იყოს და ხელს ნამდვილად არ უწყობს ამ მძიმე წარსულის დავიწყებას თუ პატიებას”,- წერს მანანა კობახიძე.
„რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას ცემის ფაქტზე რატი გაჩეჩილაძე დააკავეს.
ინფორმაციას ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
შეგახსენებთ, რომ ნიკა გვარამიამ სოციალურ ქსელში გაავრცელა ინფორმაცია მასზე თავდასხმის შესახებ. მოგვიანებით, ლევან გაჩეჩილაძის შვილმა, რატი გაჩეჩილაძემ, ასევე სოციალურ ქსელში დაწერა, რომ რუსთავი 2-ის გენერალურ დირექტორ ნიკა გვარამიას ფიზიკური შეურაცხყოფა მან მიაყენა:
“ღიად ვაცხადებ: ეს შემთხვევა, რომელიც რესტორან Dinning room- ში მოხდა იყო ჩემი რეაქცია იმ ფიზიკურ და მორალურ შეურაცხყოფაზე, რომელიც მე და ჩემმა ოჯახმა განვიცადეთ განვლილი წლების განმავლობაში გვარამიას და არა მხოლოდ მისგან. ჩემს გარდა იმ ინციდენტში არ მონაწილეობდა არავინ! ცხადია, მისი მამის გარდაცვალების შესახებ არ ვიცოდი და არც შეიძლება მცოდნოდა.
ადვოკატთან ერთად დღესვე, მე თვითონ გამოვცხადდები შესაბამის უწყებაში”, – წერს სოციალურ ქსელში რატი გაჩეჩილაძე.
ნიკა გვარამიაზე თავდასხმა გუშინ საღამოს მოხდა.
ყველაფერს გავაკეთებ, რომ ეს ადამიანები იმდენად მძიმედ დაისაჯონ, რომ სხვას ამის გამეორება აღარ მოუნდეს, – ასეთი განცხადება გააკეთა ნიკა გვარამიამ მასზე მომხდარ თავდასხმაზე.
”მე, როგორც ერთი მოქალაქე ყველაფერს გავაკეთებ, რომ ეს ადამიანები იმდენად მძიმედ დაისაჯონ, რომ სხვას ამის გამეორება აღარ მოუნდეს”, – აღნიშნა გვარამიამ.
ტელეკომპანია ”რუსთავი 2”-ის გენერალური დირექტორის თქმით, თავდაპირველად თავდამსხმელების სამიზნე მხოლოდ ის იყო და მის მეგობრებს ფიზიკური შეურაცხყოფა მას შემდეგ მიაყენეს, რაც ისინი ინციდენტში ჩაერივნენ.