ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

„გიგი უგულავა იქნება ერთ-ერთი ლიდერი…“

„ეს არ არის მხოლოდ გიგი უგულავასთვის მიღებული დადებითი გადაწყვეტილება“, – ამის შესახებ „მეტრონომთან“ „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა წევრმა, კრწანისის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა, ირაკლი აბესაძემ განაცხადა, გიგი უგულავას ციხიდან გათავისუფლების თემაზე კომენტირებისას:

„პირველ რიგში, რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ერთ-ერთი პოლიტპატიმრისთვის ეს უკანონო პატიმრობა საქართველოში დასრულებულია. ეს არ არის მხოლოდ გიგი უგულავასთვის მიღებული დადებითი გადაწყვეტილება. დღესაც კი გავრცელდა ევროპარლამენტარების მიერ საქართველოს ხელისუფლებისადმი მოწერილი წერილი, სადაც საქართველოს საერთაშორისო ინსტიტუტებთან თანამშრომლობის, მათ შორის, ვიზალიბერალიზაციის კუთხით, მნიშვნელოვნად მიიჩნევა, რომ ქვეყანაში უკანონო პატიმრების საკითხი იყოს კანონმდებლობის შესაბამისად მოწესრიგებული და არ იმყოფებოდნენ ეს ადამიანები ციხეში.

რაც შეეხება გიგი უგულავას შემდგომ პოლიტიკურ საქმიანობას, პირადად მე დარწმუნებული ვარ, რომ ის საჯარო აქტიურობას და საზოგადოებისთვის საჭირო საქმიანობას გააგრძელებს, თუმცა,  რა თქმა უნდა, ის პირადად გააკეთებს განცხადებას თავისი გეგმების შესახებ.

„მეტრონომი“: თუ განიხილება გიგი უგულავა უკვე  „ნაციონალური მოძრაობაში“  ლიდერად და კონკრეტულად, რომელი ჯგუფის?  

ირაკლი აბესაძე: „რა თქმა უნდა, თუ ის განაგრძობს თავის საქმიანობას და დარწმუნებული ვარ, რომ ეს ასე იქნება, ის იქნება ერთ-ერთი ლიდერი ნებისმიერი პოლიტიკური ჯგუფისთვის, რომელ ჯგუფშიც ის გააგრძელებს საქმიანობას, თუმცა უნდა დაველოდოთ მის განცხადებას.” – განაცხადა აბესაძემ „მეტრონომთან“.

შეგახსენებთ, რომ თბილისის ყოფილ მერს, გიგი უგულავას, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით  სასჯელი გაუნახევრდა.

ყოფილ მერს ,,თბილსერვისის“ საქმეზე 4 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა ჰქონდა მისჯილი. უგულავა  სასამართლო პროცესს არ დასწრებია.

რიყის ტერიტორიის გასხვისების ეპიზოდში, პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებით, თბილისის ყოფილი მერი და თავდაცვის ყოფილი მინისტრი გამართლდნენ. ბრალდება მათ უკანონო შემოსავლების ლეგალიზებას ედავებოდა. თბილისის ყოფილი მერის მიმართ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენი მისმა ადვოკატებმა გაასაჩივრეს.

მანა ნოდია

იტვირთბა....