“მე გამიხარდებოდა ორი კანდიდატი რომ გასულიყო: ეს იქნებოდა ნათია კუპრაშვილი და ეს იქნებოდა ნინო ზაუტაშვილი”,-ამის შესახებ „მეტრონომთან“ საზოგადოებრივი მაუწყებლის დირექტორობის ერთ-ერთმა კანდიდატმა და თოქ-შოუ „რეალური სივრცის“ წამყვანმა, ჟურნალისტმა, ნინო ზაუტაშვილმა განაცხადა.
კითხვაზე, თუ როგორ შეაფასებს ვასილ მაღლაფერიძის დირექტორობას საზოგადოებრივ მაუწყებელზე, ნინო ზაუტაშვილი პასუხობს:
„ვერაფრით შევაფასებ ადამიანის პოტენციალს, რომელთანაც არ მიმუშავია და ამის უშუალო გამოცდილება არ მაქვს. მე მხოლოდ შემიძლია ვიგულისხმო და ვივარაუდო, რომ გადაცემა „რეალური სივრცე“, რომელიც ჩვენთვის არის ყველაზე მნიშვნელოვანი, იქნება ჩვეულებრივად საეთერო ბადეში და მას ექნება საშუალება რომ იმუშაოს. ამ წუთას ჩემი ყველაზე დიდი სურვილი ეს არის და ვფიქრობ, რომ ამას ხელი არ შეეშლება. დანარჩენი, ყველამ ვნახეთ რაც მოხდა და კომენტარისგან თავს შევიკავებ. მე გამიხარდებოდა ორი კანდიდატი რომ გასულიყო: ეს იქნებოდა ნათია კუპრაშვილი და ეს იქნებოდა ნინო ზაუტაშვილი. ამ შემთხვევაში ეს არ მოხდა, ამიტომ ვაგრძელებ მუშაობას საზოგადოებისთვის, რადგან ჩვენ, „რეალური სივრცე“, ყოველთვის ვმუშაობდით საზოგადოებისთვის.“ – განუცხადა „მეტრონომს“ ნინო ზაუტაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის დირექტორის გამოსავლენად მეორე ტურის კენჭისყრის შედეგად ხმები ასე გადანაწილდა – ვასილ მაღლაფერიძე 6 ხმა, თიკო ბერძენიშვილი 2 ხმა, ნინო ზაუტაშვილი 1 ხმა, ნათია კუპრაშვილი ერთი ხმა, ხოლო ზაალ ანჯაფარიძისთვის მხარი საბჭოს არცერთ წევრს არ დაუჭერია. საზოგადოებრივი მაუწყებლის დირექტორის პოსტზე ხუთი კანდიდატი იბრძოდა: ვასილ მაღლაფერიძე, ნინო ზაუტაშვილი, თინათინ ბერძენიშვილი, ნათია კუპრაშვილი და ზაალ ანჯაფარიძე.
პირველ ტურში კანდიდატებს შორის ხმები შემდეგნაირად გადანაწილდა:
ზაალ ანჯაფარიძე – 6 ხმა; ვასილ მაღაფერიძე – 5 ხმა; ნინო ზაუტაშვილი – 5 ხმა; თინათინ ბერძენიშვილი – 8 ხმა; ნათია კუპრაშვილი – 8 ხმა.
მანა ნოდია