აქტუალური თემა ახალი ამბები ინტერვიუ მთავარი პოლიტიკა

დაყავი და იბატონე: რაზე გაურიგდა ციხის დატოვების სანაცვლოდ გიგი უგულავა ხელისუფლებას

 „აზრი შემზადდა, რომ უგულავამ ციხე უნდა დატოვოს“ – ექსკლუზიური ინტერვიუ პოლიტოლოგ ხათუნა ლაგაზიძესთან

პოლიტოლოგი ხათუნა ლაგაზიძე, გიგი უგულავას ციხიდან გამოსვლის შემდეგ, ქვეყანაში, ახალი პოლიტიკური ძალების კონფიგურაციაზე საუბრობს. მისი აზრით, უგულავას „ქართული ოცნების“ სცენარში, გარკვეული როლის შესრულება დაეკისრა, რომელიც მან ბოლო დღეს გაკეთებული განცხადებებით დაადასტურა. პოლიტოლოგი ვარაუდობს, რომ უგულავა „ნაციონალური მოძრაობის“ გაყოფის შემდეგ, სააკაშვილის მოწინააღმდეგეთა ჯგუფის ლიდერი იქნება.

„მეტრონომი“: გიგი უგულავას ბოლო დღეებში გაკეთებული განცხადებების მიხედვით, როგორ ფიქრობთ, შესაძლოა თუ არა რომ ის „ნაციონალური მოძრაობის“ გაყოფის შემდეგ, სააკაშვილის მოწინააღმდეგეთა ბანაკის ლიდერად ვიხილოთ?

ხათუნა ლაგაზიძე: თუ გიგი უგულავა ციხიდან გამოვა, მე შემიძლია თეორიულად ის პოლიტიკური კომბინაცია დავხატო, რომლიც ამის შემდეგ გათამაშდება. „ნაციონალური მოძრაობის“ გაყოფის შემთხვევაში, არამიშისტებს, ქარიზმატული ლიდერის პრობლემა ექნებათ. სხვაგვარად მათ, პოლიტიკურ კლუბად გარდაქმნა ემუქრებათ, ამის მაგალითი კი, „რესპუბლიკური“ პარტიაა.

ამიტომაც, მათ ალტერნატიული ლიდერი სჭირდებათ, რომელიც ქარიზმატული და პოპულისტური იქნება. როგორც ჩანს სააკაშვილთან დაპირისპირებულმა მხარემ, გიგი უგულავასთან ციხეში ინტენსიური მოალაპარკებები დაიწყო.

უგულავას ბოლოდროინდელი აქტივობა, შესაძლოა მის თანხობად ჩავთვალოთ. რისი მაგალითიც, მისი ბოლო დღეებში გაკეთებული განცხადებებია. მისი საუბარი თუ კარგად დავაკვირდებით, ხელისუფლებასთან დაახლოებული ლიდერების განცხადებებთან თანხვედრაში მოდის. უგულავას ქეისი, მისაღები იქნება იმ შემთხვევაში, თუ ის კრიმინალური წარსულისაგან დაცლილი იქნება.

ზოგიერთი პოლიტიკოსებისგან განცხადებები გაკეთდა, რომ მისი ქმედება მხოლოდ  პოლიტიკური გადაცდომა იყო და ასეთი გადაცდომა შესაძლებელია ხელისუფლებაში მყოფ ახლანდელ პოლიტიკოსებსაც მოუვიდეთ. გამოდის, რომ  თავად „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებისგან საზოგადოებრივი აზრი შემზადდა, რომ უგულავამ ციხე უნდა დატოვოს. ეს ყველაფერი დეტალებია და თუ ეს ასე მოხდა, სცენარი სრულიად სხვაგვარად განვითარდება და ახალი პოლიტიკური ძალების გადაჯგუფება მოხდება.

– თქვენ ფიქრობთ, რომ გიგი უგულავას ციხიდან გამოსვლა თავად „ქართულ ოცნებას“ სურს და ამით დაინტერესებულია? რატომ?  

– უგულავას მეშვეობით, შემდეგი სახის პოლიტიკურ გადაჯგუფებას ვიხილავთ. მისი ციხიდან გამოსვლის შემთხვევაში, ის „ნაციონალური მოძრაობის“ იმ მსხვილი ჯგუფის ლიდერად მოგვევლინება, რომლებსაც პარლამენტში საკმაოდ დიდი წარმომადგენლობა ეყოლება. უგულავა, არ არის გამორიცხული, საკრებულოს  წევრად, ან თბილისის მერობის კანდიდატად ვიხილოთ. შესაბამისად, ოპოზიციურ პარტიებს შორის მთავარი დაჭიდება, ადგილობრივ არჩევნებში, „ნაციონალებსა“ და ყოფილ „ნაციონალებს“ შორის მოხდება. ეს კი ორი მსხვილი პოლიტიკური დაჯგუფება იქნება.

– თქვენს მიერ წარმოდგენილი სცენარის მიხედვით გამოდის, რომ გიგი უგულავა ხელისუფლებასთან გარიგდა და შესაძლოა მიხეილ სააკაშვილის და მისი მომხრეების წინააღმდეგ, ბიძინა ივანიშვილის თამაშს თამაშობდეს?

– იმ შემთხვევაში, თუ უგულავა ციხიდან გამოვა, შევხედოთ სცენარს, ქვეყანაში სიტუაცია მედიასა და პოლიტიკაში, როგორ დალაგდება. ამ კონფიგურაციაში ხელისუფლებისთვის პრობლემას „რუსთავი 2“-ც აღარ წარმოადგენს.

ამიტომ, დიდი ალბათობით, ის ამ ფორმით მაუწყებლობას გააგრძელებს. თუ „ნაციონალური მოძრაობა“ ერთიანი ფორმით წარმოდგენილი აღარ იქნება, ეს ტელევიზია, როგორც ერთ ისე მეორე ჯგუფების აქტიურობას გააშუქებს.

დანაწევრებული „ნაციონალები“ ხელისუფლებისთვის ნაკლებ საშიშროებას წარმოადგენს. შესაბამისად,  დასავლეთიც კმაყოფილი დარჩება. მართალია არ იქნება ერთიანი „ნაციონალური მოძრაობა“, სამაგიეროდ, რამდენიმე პატარ-პატარა და მცირე ზომის პროდასავლური პარტიები პოლიტიკურ ბაზარზე გამოვა.

ასეთი კი სააკაშვილის, უგულავას, უსუფაშვილის და „გირჩის“ პარტიები იქნებიან. რაც მთავარია ხელისუფლება კმაყოფილი იქნება, რადგანაც პოლიტიკური ველი დაქსაქსული და ერთმანეთზე წაკიდებული აღმოჩნდება.

რაც თქვენი კითხვის ირიბი პასუხია. რატომ შეიძლება „ქართულ ოცნებას“ უგულავას ციხიდან გამოსვლა სურდეს და რატომ ამართლებს მის დანაშაულს, როგორც პოლიტიკურ გადაცდომად.

რა თქმა უნდა, დაქსაქსული პოლიტიკური ბაზრის მართვა ხელისუფლებისთვის უფრო მარტივი იქნება. რაც „ოცნების“ ხელისუფლებაში კიდევ დიდხანს ყოფნის პერსპექტივას ზრდის. ხელისუფლება მედიას და პოლიტიკურ ძალებს თავის ადგილს მიუჩენს, რაშიც როგორც ჩანს, უგულავას თავისი როლი ექნება.

ლიკა ბერიკაშვილი

იტვირთბა....