განათლების მინისტრი, სკოლებში ცვლილებებს აანონსებს. ალექსანდრე ჯეჯელავას თქმით, სკოლები სამი სახის კატეგორიით დააიყოფა.
განათლების მინისტრის ალექსანდრე ჯეჯელავას განცხადებით, სკოლები სამ კატეგორიად დაიყოფა. პირველი ორი კატეგორია ზომით გაყოფილი იქნება, სადაც, 200 მოსწავლეზე ნაკლები და 200 მოსწავლეზე მეტი სწავლობს. ხოლო ამ გაყოფის მიზეზი, დაფინანსების სქემაა.
„საუბარი არის შემდეგზე, რომ სამი კატეგორიის სკოლა გვექნება. პირველი ორი კატეგორია არის ზომით გაყოფილი – 200 მოსწავლეზე ნაკლები სადაც სწავლობს და 200 მოსწავლეზე მეტი სადაც სწავლობს. ძირითადი მიზეზი ამ გაყოფის არის დაფინანსების სქემა იმიტომ, რომ ჩვენი დღევანდელი დაფინანსება 200 მოსწავლემდე სკოლებს აკმაყოფილებს.
200 მოსწავლეზე ზემოთ სკოლებში კი არის დაფინანსების მხრივ მნიშვნელოვანი სირთულეები. ვაპირებთ ახალ სქემაში ეს ხარვეზი აღარ არსებობდეს. 200 ბავშვზე მცირე და მეტ სკოლებში პედაგოგების მიღებასთან, მათ პროფესიულ განვითარებასთან, საკვალიფიკაციო მოთხოვნებთან დაკავშირებით არის ასევე სირთულეები.
მოგეხსენებათ, მცირე სკოლები არის სოფლებში, სადაც საკადრო ბაზარი შეზღუდულია. ჩვენ ვაპირებთ გავითვალისწინოთ ეს სპეციფიკა. მესამე კატეგორია ეს იქნება წამყვანი სკოლები, ეს იქნება კრიტერიუმებზე აგებული კატეგორია ანუ მცირე სკოლასაც და დიდ სკოლასაც შეუძლია გახდეს წამყვანი სკოლა თუ კრიტერიუმს დააკმაყოფილებს. ამ მიმართულებით კრიტერიუმები ჯერ არ გვაქვს, მაგრამ კომიტეტი შეიმუშავებს“ – განაცხადა ჯეჯელავამ.
მისივე თქმით, სკოლების დიფერენციაციის შედეგად, დისკრიმინაციის საშიშროება არ არსებობს.