ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

„ამფეთქებელი შებრუნდა უკან, რომ ცეცხლი მოეკიდებინა“: რამ გამოიწვია აფეთქება ჭიათურის მაღაროში

 

ჭიათურაში, სოფელ პერევისას მაღაროში აფეთქებამ ორი მუშის ჯანმრთელობის დაზიანება გამოიწვია. დაშავებულები ჭიათურის რაიონულ საავადმყოფოში მკურნალობენ.

როგორც „მეტრონომს“ საქართველოს მეტალურგიული და სამთო მრეწველობის მუშაკთა პროფკავშირების ხელმძღვანელმა თამაზ დოლაბერიძემ განუცხადა, დაშავებულების სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება, თუმცა აფეთქების მიზეზებზე კვლევა მიმდინარეობს:

„სამუშაო პროცესის ნაწილია, რომ ბურღავენ ასაფეთქებელ უბანს და 15-16 ადგილას ამაგრებენ ასაფეთქებელ მასალას. შემდეგ ყველაფერს ფითულებით აბამენ, ცეცხლს წაუკიდებენ და მაღარო ყველა მუშამ უნდა დატოვოს. ამ 16 ასაფეთქებლიდან პირველი ჩაქრა, ამიტომ ამფეთქებელი შებრუნდა უკან, რომ ცეცხლი მოეკიდებინა. რამდენადაც მეუბნებიან, უბნის გამგემ მას დაუძახა, რომ უკან არ უნდა მიბრუნებულიყო, თუმცა მუშა არ დაემორჩილა. ამასობაში აფეთქდა სხვა ასაფეთქებლები და ტალღამ უბნის გამგე და მუშა მოიყოლა. ერთი ბეჭს იტკიებს, მეორეს – მუხლი აქვს ნატკენი და თვალებში მტვერი ჩაყრილი. ორივე ზესტაფონის კლინიკაში გადის რეაბილიტაციას. რატომ არ დაუჯერა მუშამ გამგეს, ამაზე კვლევა დაიწყება“ – განუცხადა „მეტრონომს“ თამაზ დოლაბერიძემ.

ჭიათურაში, სოფელ პერევისას მაღაროში აფეთქება გუშინ მოხდა.

 

 

 

იტვირთბა....