ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

„ჩვენ ვიწყებთ კამპანიას „დააშრე ჭაობი“

„ჩვენ ვიწყებთ კამპანიას „დააშრე ჭაობი“ – ამის შესახებ ახალი პოლიტიკური ცენტრ „გირჩის“ ლიდერმა ზურაბ ჯაფარიძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, კამპანიის მიზანია აშკარა გახადოს, როგორ მუშაობს ბიუროკრატია სახელმწიფო სტრუქტურებში და მოსახლეობამ დაინახოს რაში იხდიან გაზრდილ გადასახადებს:

„ჩვენ ვიწყებთ კამპანიას “დააშრე ჭაობი” – პერიოდულად ჟურნალისტებთან ერთად ავარჩევთ სხვადასხვა სტრუქტურებს, რომლებიც ფინანსდება სახელმწიფო ბიუჯეტიდან, ანუ ჩვენი მოქალაქეების ჯიბიდან, შემდეგ კი მივმართავთ თხოვნით ხელისუფლებას, რომ ამ სტრუქტურებიდან აარჩიოს ერთი თანამშრომელი და მოგვეცეს საშუალება, დავაკვირდეთ ამ ერთი თანამშრომლის სამუშაო დღეს, არამხოლოდ დავაკვირდეთ, არამედ გადავიღოთ მისი სამუშაო დღე და ვაჩვენოთ ჩვენს მოქალაქეებს, როგორ მუშაობს ბიუროკრატია” – განაცხადა ჯაფარიძემ.

მისი თქმით, ხელისუფლებას უნდა გაეტარებინა რეფორმები, იმისათვის რომ ქვეყნის ეკონომიკაში ყოფილიყო პოზიტიური ძვრები, თუმცა, მისი თქმით, გაზრდილი გადასახადებით ხელისუფლებამ ბიუროკრატია წაახალისა:

„პირველ რიგში რა ნაბიჯიც უნდა გადაედგა ეს არის ბიუროკრატიისა და ბიუროკრატიული ხარჯების შემცირება, რადგან ეს არის ერთადერთი გზა იმისათვის, რომ ქვეყნის ეკონომიკა დაადგეს სწრაფი განვითარების გზას, თუმცა, ნაცვლად ამისა, ხელისუფლებამ გადაწყვიტა წასულიყო საპირისპირო მიმართულებით და გაეზარდა აქციზი. შესაბამისად, ფასები თამბაქოზე ალკოჰოლზე, ტრანსპორტზე და საწვავზე გაიზარდა. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ამ გადაწყვეტილებით ხელისუფლებამ მოსახლეობას უთხრა შემდეგი: ეს ბიუროკრატია იმდენად მნიშვნელოვანია და აკეთებს ისეთ საქმეს, რომ მას სჭირდება მეტი ფულის ამოღება ეკონომიკიდან გადასახადების გაზრდის სახით, რომ დააფინანსოს ამ ბიუროკრატიის ხარჯები.

ჩვენ არ გვჯერა, რომ სახელმწიფოს სჭირდება ამდენი ადამიანი, რომელიც შემოსავალს ღებულობს სახელმწიფო ბიუჯეტიდან”- განაცხადა ჯაფარიძემ.

იტვირთბა....