„მომავალ წელს ეფექტი რომ მოიტანოს, ამის ერთადერთი წამალი მარიხუანას ლეგალიზაციაა, რომელსაც შეუძლია შექმნას დაახლოებით სამიდან ოთხ-ნახევარ მილიარდ ლარამდე ახალი ეკონომიკა ქვეყანაში, დაახლოებით 70-დან 100 000 -მდე სამუშაო ადგილი“ – ამის შესახებ „გირჩის“ ლიდერმა ზურაბ ჯაფარიძემ „ipress-თან“ ინტერვიუში განაცხადა.
მისი თქმით, ეკონომიკური თვალსაზრისით ეს არის ერთადერთი წამალი, რომ 2017 წელს საქართველოს ეკონომიკაში ძვრა გვქონდეს.
„მილიარდიდან მილიარდ შვიდასი მილიონ ლარამდე შემოსავალი იქნება ბიუჯეტში, რომელიც შეიძლება დაიხარჯოს უამრავ კარგ რაღაცაზე, მათ შორის ანტინარკოტიკულ განათლებაზე. ეს გათვლები ემყარება რეალურ გათვლებს, რომელიც კოლორადოს შემოსავლების სამსახურის მიერ არის მომზადებული. თუ ამის პოლიტიკური ნება იქნება, მათ ეს ნაბიჯი უნდა გადადგან. არ უნდა შეეშინდეს საზოგადოების იმ ნაწილს, რომელსაც ჰგონია, თუ ამ ნაბიჯს გადავდგამთ, ნარკოტიკები წალეკავს ქვეყანას, ეს არის ჩვეულებრივი ბოდვა.“ – განაცხადა ჯაფარიძემ.
შეგახსენებთ, „გირჩმა“ დანაპირები შეასრულა და 2016 წლის 31 დეკემბერს, ახალ წლამდე რამდენიმე საათით ადრე, ალექსანდრე ყაზბეგის № 46 მდებარე ოფისში, აქციის მხარდამჭერებთან ერთად კანაფი საჯაროდ დათესა.