„მე კომენტარს ვიღაცის კომენტარზე არ გავაკეთებ“ – ამ განცხადებით, საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარის, დავით უსუფაშვილის მიერ გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა, სადაც ის პრეზიდენტის ვადაზე ადრე გადადგომაზე საუბრობდა.
როგორც გიორგი მარგველაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, ეს არ არის საკომენტარო საკითხი.
“ჯერ ერთი, საკითხავია, რამდენად არის განსახილველი ეს საკითხი და მეორე, თუ კონკრეტულად გაინტერესებთ, ამ საკითხთან დაკავშირებით არ მაქვს კომენტარი… გინდათ, რომ პრეზიდენტმა გააკეთოს კომენტარი ვიღაცის კომენტარზე?.. არასწორად მისვამთ კითხვას. მე კომენტარს ვიღაცის კომენტარზე არ გავაკეთებ. არ მაქვს კომენტარი, არ არის განსახილველი საკითხი. არ მინდა კომენტარის გაკეთება თემაზე, რომელიც არ არის საკომენტარო”,- განაცხადა პრეზიდენტმა.
შეგახსენებთ, როგორც უსუფაშვილმა ”კვირის პალიტრასთან” ექსკლუზიურ ინტერვიუში განაცხადა, თუკი ”ქართული ოცნება” პრეზიდენტის არაპირდაპირი არჩევის წესის შემოღებას გადაწყვეტს, შესაძლოა პრეზიდენტმა ქართველ ხალხს მიმართოს: ”ოცნება” პრეზიდენტის პირდაპირი წესით არჩევის უფლებას გართმევთ, მე უძლური ვარ ამ ცვლილებებს წინააღმდეგობა გავუწიო, თუმცა გადავდგები და სანამ ცვლილებები ძალაში შესულა, გაძლევთ შანსს, პრეზიდენტი კიდევ ერთხელ აირჩიოთ და კიდევ ხუთი წელი – 2022 წლამდე გყავდეთ თქვენს მიერ არჩეული პრეზიდენტი”.
უსუფაშვილის აზრით, ეს შეიძლება ივნისში მოხდეს, როცა სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისია საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტს განსაზღვრავს.