ჟურნალისტი ინგა გრიგოლია სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და ტელეკომპანია „რუსთავი 2-ის“ გენერალურ დირექტორ ნიკა გვარამიას დაჟინებული მოთხოვნით მიმართავს.
„ნიკა გვარამია, გავიგე, შეიძლება „ხელოვნური სუნთქვა“ აღარ გაგრძელდესო. ხოდა ან სასწრაფოდ მიიღე გადაწყვეტილება და დამიბრუნე ჩემი სერილი, ან გამაგებინეთ მაინც, რატომ დაიჭირეთ ჩემი შოთა, ან ვიწყებ მშრალ შიმშილობას „რუსთვი 2“-ის შესასვლელთან, იქამდე, ვიდრე არ გაკეთედება განცხადება, რომ სერიალი გრძელდება!!! მოვახდენ მაყურებლის მობილიზაციას და დავიწყებ საპროტესტო აქციაებს, თავისი კარვებითა და საკნებით, თქვენ წინააღმდეგ!!! ველი გადაწყვეტილებას დაჟინებული მოთხოვნით!!!. მაყურებელი: ი.გ.“, – წერს გრიგოლია.
29 დეკემბერს, „ხელოვნური სუნთქვის“ მეორე სეზონის ბოლო სერია გავიდა. ხელმძღვანელობამ სოციალურ ქსელში განცხადება გაავრცელა, სადაც ნათქვამია, რომ ამ ეტაპზე უცნობია, იქნება თუ არა ხელოვნური სუნთქვის მესამე სეზონი.
„მეგობრებო,
ხელოვნური სუნთქვის მთელი შემოქმედებითი ჯგუფის სახელით გიხდით უდიდეს მადლობას ჩვენთან ერთად გატარებული ყველა საღამოსთვის!
ორი სეზონის განმავლობაში მუდმივად ვიღებდით თქვენგან, ამ სერიალის მაყურებლებისგან, მხარდაჭერის და სიყვარულის გამომხატველ წერილებს, შექებას, კრიტიკას, ცრემლებს, სიცილს, ემოციებს და განცდებს, იმ ყველაფერს, რამაც მოგვცა უდიდესი ენერგია ამ მასშტაბური პროექტის განსახორციელებლად. 🙂 მადლობას გიხდით ამისთვის მხოლოდ თქვენ, უკლებლივ ყველა მესიჯის, კომენტარის და სტატუსის ავტორს!
მეორე სეზონი დასრულებულია. რაც შეეხება სერიალის გაგრძელებას – ამ ეტაპზე უცნობია, იქნება თუ არა ხელოვნური სუნთქვის მესამე სეზონი“ – ნათქვამია განცხადებაში.
გადაღებების შეჩერების მიზეზებზე on.ge-სთან ინტერვიუში სერიალის პროდუსერი ირაკლი საღინაძე საუბრობს.
“ამჟამად სერიალი შეჩერდა, მაგრამ არსებობს საფრთხე, რომ ის საბოლოოდ დაიხურება. მესამე სეზონი რომ აღარ დაბრუნდება ზამთარში, ეს შემიძლია 100 პროცენტით დავადასტურო. არხზე შექმნილი ფინანსური მდგომარეობა და მის გარშემო არსებული ვითარება არ გვაძლევს საშუალებას, რომ ზუსტი გეგმა შევიმუშავოთ, როგორც მინიმუმ, ახალი სეზონის მოსამზადებლად.
თებერვალში გვსურდა ეთერის განახლება, რაც შეუძლებელი აღმოჩნდა, რადგან იანვარში გადაღებებს ვერ დავიწყებთ. ამისთვის არანაირი ოპტიმისტური საფუძველი არ არსებობს”- ამბობს ინტერვიუში საღარაძე.
სერიალის პირველი სეზონი ეთერში 8 ივნისს დაიწყო.