ახალი ამბები მედია მთავარი საზოგადოება

გიორგი მარგველაშვილი “საზოგადოებრივ მაუწყებელს” ქართული ტელემაუწყებლობის 60 წლისთავს ულოცავს

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი “საზოგადოებრივ მაუწყებელს” ქართული ტელემაუწყებლობის 60 წლისთავს ულოცავს:
“გულითადად გილოცავთ პირველი ქართული ტელემაუწყებლობის დაარსებიდან 60 წლისთავს.
საქართველოში პირველი არხის გამოჩენამ არსებითად შეცვალა საზოგადოებრივი რეალობა. ტელევიზია საზოგადოებასთან ერთად ვითარდებოდა და, ამავდროულად, ხშირად განაპირობებდა კიდეც მისი განვითარების მიმართულებასა და ორიენტირებს.
დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ მედიამრავალფეროვნების გაჩენამ მხოლოდ გაზარდა თქვენი არხის მნიშვნელობა და პასუხისმგებლობა სრულფასოვანი სამოქალაქო საზოგადოების ფორმირების საქმეში.
დღეს მადლიერების გრძნობით ვიხსენებთ შესანიშნავ ჟურნალისტებს, წამყვანებს, ტექნიკურ პერსონალს – ყველას, ვინც ათწლეულების განმავლობაში უზრუნველყოფდა ამ უაღრესად მნიშვნელოვანი საზოგადოებრივი დარგის განვითარებას. განსაკუთრებით ვულოცავ იმ პირველ თაობას, რომელმაც ამ დიდი საქმის სათავეებთან მტკიცე საფუძველი შექმნა შემდგომი წინსვლისთვის. გილოცავთ და მადლობას გიხდით თქვენც, ვინც დღესაც ერთგულად იღწვით მართალი სიტყვის თითოეულ ადამიანამდე მიტანისთვის, სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერებისთვის.

გისურვებთ წარმატებებს თქვენ საპატიო საქმიანობაში, დღეგრძელობასა და კეთილდღეობას”- აღნიშნავს მარგველაშვილი.

საზოგადოებრივი მაუწყებელი დღეს იუბილარია. საქართველოში ტელემაუწყებლობის დაწყებიდან 60 წელი გავიდა. 60 წლის წინ, სწორედ ამ დღეს დაიწყო მაუწყებლობა ფუნიკულიორის სტუდიიდან საქართველოს ტელევიზიამ.

იტვირთბა....