„მეტრონომმა“ ექსპერტებში გამოკითხვა ჩაატარა
წლის ბოლოს, 2016 წლის ქართული პოლიტიკური ცხოვრების შეჯამება „მეტრონომმა“ ექსპერტებთან ერთად გადაწყვიტა. ექსპერტთა გამოკითხვით „მეტრონომმა“ დათვალა და შეაჯამა საბოლოო შედეგები, რომლითაც გამოვლინდა წლის პოზიტიური და ნეგატიური პოლიტიკოსი.
პირველ რიგში გავიხსენოთ თუ რა სახის პოლიტიკურ მოვლენებს ჰქონდა ადგილი ამ წელს, რამაც ქართულ პოლიტიკაში მნიშვნელოვანი ძვრები თუ არა, რაღაცით თავი დაამახსოვრა საზოგადოებას.
ჩატარდა საპარლამენტო არჩევნები; საკონსტიტუციო უმრავლესობით „ქართულმა ოცნებამ“ გაიმარჯვა; გამოჩნდნენ ახალი პოლიტიკური სახეები, რომლებმაც საზოგადოებისთვის გარკვეული ადგილი უკვე დაიმკვიდრეს; არჩევნების შედეგებით უკმაყოფილო პოლიტიკური პარტიების ნაწილი საერთოდ დაიშალა და მათმა ლიდერებმა პოლიტიკაზე უარი თქვეს.
„მეტრონომმა“ გამოარჩია ისეთი პოლიტიკური ფიგურები, რომლებმაც საზოგადოებაში, წლის განმავლობაში, როგორც დადებითი, ასევე უარყოფითი ასოციაცია გამოიწვიეს:
პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი-წლის განმავლობაში მან თავისი პრინციპულობა მკვეთრად გამოავლინა; მის შესახებ ანალიტიკოსთა ნაწილისგან მოლოდინია, რომ მესამე პოლიტიკურ ძალას შექმნის;
ირაკლი კობახიძე პარლამენტის თავმჯდომარე გახდა და ამ პოსტზე დავით უსუფაშვილი შეცვალა. ექსპერტთა შეფასებით, საკმაოდ მცირე დროში სწრაფი ტემპით განვითარდა;
გიგა ბოკერია – მის სახელთან „ნაციონალური მოძრაობის „ ორად გაყოფა ასოცირდება;
გიორგი კვირიკაშვილი – პრემიერი, რომელიც ექსპერტთა შეფასებით 2016 წელს რაციონალურად მოქმედებდა; თუმცა, ამავდროულდ უნდა აღინიშნოს, რომ მისი პრემიერობის დროს ლარი რეკორდულად გაუფასურდა.
ირმა ინაშვილი -„პატრიოტთა ალიანსის“ ერთ-ერთი ლიდერი, რომელმაც პარტია პარლამენტში შეიყვანა;
პაატა ბურჭულაძე – პერსონა სცენიდან, რომელმაც ქართულ პოლიტიკაში დიდი მღელვარება გამოიწვია და საბოლოოდ, ისევ სცენას დაუბრუნდა;
დავით უსუფაშვილი, თინა ხიდაშელი, ირაკლი ალასანია, -პოლიტიკოსები, რომელთაც მოულოდნელად დატოვეს ქართული პოლიტიკა და ამომრჩეველთა ნაწილს იმედები გაუცრუეს;
თუ ვინ გამოირჩეოდა აქტიურობით, ლიდერობით, მიღწევებით, დამოუკიდებლობით და ვინ ითამაშა უარყოფითი თუ დადებითი (პოზიტივი, ნეგატივი) როლი ქართულ პოლიტიკაში, 2016 წელს, „მეტრონომის“ გამოკითხვაში პოლიტოლოგებმა კონკრეტული პერსონები დაასახელეს.
პოლიტოლოგი სოსო ცინცაძე:
„უარყოფითის დასახელებისგან თავს შევიკავებ, რადგან გარდა ერთისა, ჩემთვის, პროფესიონალურ სიმპათიებს არავინ არ იწვევს. ეს არის პრეზიდენტი. გიორგი მარგველაშვილი გასულ წელს თავისი თანამდებობის ადექვატურად იქცეოდა. დანარჩენებიდან არავინ არ იყო თანამდებობის და მოთხოვნილების ადექვატური. შეიძლებოდა ირაკლი კობახიძეც დაგვესახელებინა, თუმცა მას არაფერი ისეთი გაუკეთებია. მასზე შეიძლება მომავალ წელს ვისაუბროთ, რადგან მან 2017 წელს უნდა დაამტკიცოს, თუ როგორი პოლიტიკოსია“.
საზოგადოებრივი კომუნიკაციების მართვის სპეციალისტი, არჩილ გამზარდია:
„დადებითში აუცილებლად სასჯელაღსრულების მინისტრს, კახი კახიშვილს ვახსენებდი. იმიტომ, რომ ამ ადამიანმა საქმეზე კონცენტრირება და მაღალი შედეგები აჩვენა. რაც შეეხება უარყოფითს, დავასახელებ პაატა ბურჭულაძეს, რადგან მან მოკლე დროში მოახერხა ძალიან ბევრი პერსპექტივის ჩაკვლა არა ერთი პოლიტიკოსისთვის, რომელთაც შეეძლოთ დღეს პარლამენტში ყოფილიყვნენ და საინტერესო პროცესებისთვის შეეწყოთ ხელი. ბურჭულაძემ ძალიან ცუდი ტონალობა და ელფერი შემოიტანა ქართულ პოლიტიკაში, რომელსაც ეს ისედაც არ აკლდა.“
“დამოუკიდებელ ექსპერტთა კლუბის” პრეზიდენტი, სოსო ცისკარიშვილი:
„ჩემთვის, 2016 წლის პოლიტიკოსი, არის გიორგი კვირიკაშვილი, რომელმაც შეცვალა სრულიად არაჯანსაღი რეალობა, როცა მის წინამორბედ პრემიერს (ირაკლი ღარიბაშვილს) პრეზიდენტთან საქმიანი ურთიერთობის უფლება და სასახლეში სტუმრობა აკრძალული ჰქონდა. ეს იყო ყველაზე დაუდევარი და ზარალის მომტანი ქართული სახელმწიფოსთვის. კვირიკაშვილმა ეს სისტემა შეცვალა.
მთელი წლის განმავლობაში რთული გამოწვევებს ფონზე, კვირიკაშვილი დაბალანსებულ გადაწყვეტილებებს იღებდა.
ჩემთვის უარყოფითი კონტექსტი 2016 წელს პაატა ბურჭულაძეს ჰქონდა, რადგან ის პოლიტიკაში დიდი ელვარებით შემოვიდა, თუმცა როგორც შემდგომში დავრწმუნდით, ამ გაელვებას არ მოჰყოლია ის ჭექა-ქუხილი, რაც ბუნებრივი გაგრძელება უნდა ყოფილიყო.“
ექსპერტი სამხედრო საკითხებში, ნოდარ ხარშილაძე:
„2016 წლის პოლიტიკოსი დადებით კონტექსტში არის გიორგი მარგველაშვილი. ის ძალიან აქტიურად იყო ჩართული სამართლებრივ პროცესში, საკონსტიტუციო კომისიასთან მიმართებაშიც სწორი პოზიცია დაიკავა, საარჩევნო პროცესის დროსაც დისტანცია დაიკავა, ამით ნეიტრალურობა და ზეპოლიტიკურობა შეინარჩუნა, რაც ჩემი აზრით ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ვთანხმდებით, რომ პრეზიდენტი ზეპარტიული, ზეპოლიტიკური ფიგურაა და ამასთან ერთად, მან შეძლო, რომ ბევრი ნეგატივის ფონზე, პოზიტიური და რაციონალური პოლიტიკოსის იმიჯი შეენარჩუნებინა.
რაც შეეხება უარყოფით კონტექსტს, არავის გამოვყოფდი. წარუმატებელი საქმეები0 ბევრი იყო, თუმცა აშკარად უარყოფითი კვალი არავის დაუმჩნევია.“
ექსპერტის პოლიტიკის საკითხებში, გია ხუხაშვილი: „პოლიტიკურ პროცესზე გავლენის მიხედვით, დამოუკიდებელი გადაწყვეტილებების მიღების უნარებით, ლიდერობით, ამ მხრივ ბიძინა ივანიშვილი უკონკურენტოდ რჩება. ფაქტია, რომ ის მონაწილეობს თუ არა, პოლიტიკური პროცესი მისი ნიშნით მიდის და „ქართული ოცნების“ პოლიტიკურ ელიტას საზოგადოება არ აღიქვამს გადაწყვეტილების მიღების უნარიანად და ვფიქრობ, თვითონაც აქვთ ეს არასრულფასოვნების კომპლექსი – არ მიიჩნევენ თავს რეალურ ლიდერებად. მეორე პოლიტიკოსი, 2016 წელს, მასშტაბის და გავლენის სიმცირის მიუხედავად, ჩამოყალიბდა ლიდერად, რომელიც საკუთარ გადაწყვეტილებებს იღებს. ეს არის საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი. სხვა ყველა დამოკიდებული და ფსევდო ლიდერის რიტორიკით წარმოგვიდგება, რადგან არ აქვთ თავისუფალი პოლიტიკური ნება და სხვა ავტორიტეტით იჩრდილებიან“.
პოლიტოლოგი კორნელი კაკაჩია:
„მე დადებით კონტექსტში დავასახელებდი დავით უსუფაშვილის შემცვლელს, ირაკლი კობახიძეს, მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ბევრი შეკითხვა არსებობდა და დღესაც ალბათ არსებობს. ზოგიერთი ეჭვქვეშ აყენებს ახალგაზრდული ასაკის გამო მის პროფესიონალიზმს. ჯერ კიდევ ბევრი აქვს დასამტკიცებელი, გარკვეული დრო დასჭირდება, მაგრამ ეს წელიწადი მისთვის იყო მნიშვნელოვანი, რადგან რეალურად, ძალიან სწრაფი ნაბიჯებით შემოვიდა ქართულ პოლიტიკაში. მე ვიტყოდი, რომ მას აქვს გარვეული პიროვნული რესურსები, რომელიც შეუძლია გამოიყენოს და კიდევ უფრო განამტკიცოს საკუთარი იმიჯი ქართულ პოლიტიკაში. თუმცა ეს დროის საკითხია. ჯერჯერობით, დასაწყისი, როგორიც იყო, ალბათ ყველაზე წარმატებული პოლიტიკოსია. მითუმეტეს, ეს მისთვის რთული იყო იმ ფონზე, რომ მან შეცვალა დავით უსუფაშვილი, რომელიც საყოველთაო აღიარებით იყო ერთ-ერთი საუკეთესო სპიკერი ბოლო წლების ქართულ პარლამენტში. ამას მინდა ხაზი გავუსვა, რომ მას ჯერ კიდევ დასამტკიცებელი აქვს ბევრი რამ, მაგრამ ჯერჯერობით, რაც მან გააკეთა, ალბათ აღნიშვნის ღირსია.
უარყოფით კონტექსში მე ერთ პოლიტიკოსს ვერ დავასახელებდი, დავასახელებდი პოლიტიკურ დაჯგუფებას და ამას დავარქმევდი ლიბერალურ ცენტრს. ამ ლიბერალური ცენტრის პარტიებმა და პოლიტიკოსებმა იმედი გაუცრუეს ამომრჩეველს. ვერც ერთი მათგანი ვერ მოხვდა პარლამენტში და რაც მთავარია, მათ გაფლანგეს ამომრჩევლის იმედები და დღემდე კრიზისში იმყოფებიან. კაციშვილმა არ იცის რა მოხდება მომავალში. პოლიტიკოსების მაგივრად ამ ჯგუფს დავასახელებდი.
მაგალითად „თავისუფალი დემოკრატები“, „რესპუბლიკური პარტია“, – ძირითადად, ეს ჯგუფი. ამ ჯგუფში შემავალმა პოლიტიკოსებმა ფაქტობრივად ვერ გაამართლეს იმედები და ეს იყო დიდი წლის იმედგაცრუება“.
პოლიტოლოგი გიორგი ცხადაია:
„წლის უარყოფითი ქართველი პოლიტიკოსი არის დავით ნარმანია იმიტომ, რომ არც ერთ სამოქალაქო პროტესტზე არ ჰქონია ადეკვატური რეაგირება და ჯიუტად ძველი პოლიტიკის მიყოლა აირჩია.
წლის დადებითი პოლიტიკოსი ელისაშვილია, იმიტომ რომ ბოლომდე პრინციპული დარჩა მოქალაქეთა ინტერესების მხარეს, განსხვავებით ძალიან ბევრი პოლიტიკოსისა, რომელსაც საკუთარი პარტიული კარიერა და პარტიული ბოსების ფავორიტად გახდომა ურჩევნია მოქალაქეთა ინტერესებისთვის ბრძოლას“- განაცხადა ცხადაიამ.
საბოლოო ჯამში, ჩვენ დავუკავშირდით 10-ზე მეტ ექსპერტს. ზოგმა მათგანმა თავისი პოზიციის გაშუქებაზე, თუ ვინ არის წლის პოზიტიური და ნეგატიური პოლიტიკოსი, უარი გვითხრა, თუმცა პოზიცია მაინც დააფიქსირა. გამოკითხვის შემდეგ საბოლოო შედეგი ასეთი მივიღეთ: პოლიტოლოგთა უმეტესობა მიიჩნევს, რომ 2016 წლის დადებითი პოლიტიკოსი გიორგი მარგველაშვილია, ხოლო პაატა ბურჭულაძეს უარყოფითი პოლიტიკური ფიგურის სტატუსი ვერავინ წაართვა. მომავალი, 2017 წელი, გამოცდილ პოლიტიკოსებთან ერთად, უკვე ახალი სახეებისთვის კარგი ასპარეზი იქნება, რომ სხვადასხვა გამოკითხვებით და შესაბამისად, საზოგადოების შეფასებით, ქართულ პოლიტიკაში დადებითი სტატუსი მოიპოვონ.
მანა ნოდია
ნინი ცხადაია