„მაესტრო 24-ის“ გენერალური დირექტორი ილია (ბაჩო) კიკაბიძე აცხადებს, რომ მოსამართლე, რომელმაც „მაესტროს“ ლოგოსთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიიღო, ბიძინა ივანიშვილის პირადი იურისტია:
„ახლა ჩვენ ვიმყოფებით ბიძინა ივანიშვილის იურიდიულ დეპარტამენტში და ერთ-ერთმა იურისტმა ქოჩიაშვილმა დაუკმაყოფილა ივანიშვილს მისი სურვილი. რასაკვირველია, საქართველოს ყველა ინსტანციის სასამართლოს მოვივლით და შემდეგ ევროპაში დავამტკიცებთ იმას, რომ „მაესტრო“ არ ეკუთვნის ბიძინა ივანიშვილს“, – განაცხადა ილია კიკაბიძემ.
„მაესტროს“ ერთ-ერთი დამფუძნებელი, მამუკა ღლონტი აღნიშნავს, რომ „მაესტროსთან“ ერთად, ძალიან მალე სხვა მედიასაშუალებები „ქართული ოცნების“ ხელში სრულად გადავა:
„ვაანონსებ, რომ მედიაში ძალიან საინტერესო რაღაცები მოხდება. „რუსთავი 2“-ზე რა მოხდება არ ვიცი, მაგრამ დანარჩენი მედიასაშუალებები სრულად გადავა „ქართული ოცნების“ ხელში, რასაც საზოგადეობა მალე იხილავს“, – განაცხადა მამუკა ღლონტმა.
შეგახსენებთ, რომ საქალაქო სასამართლომ ტელეკომპანია “მაესტროს” ლოგოსთან დაკავშირებით გია გაჩეჩილაძის , იგივე “უცნობის” სარჩელთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიიღო. მოსამართლემ ტელეკომპანიის “ლოგო” გაჩეჩილაძეს მიაკუთვნა.
ამ უფლების დაბრუნებას ბაჩო კიკაბიძე მოითხოვდა.