„სასამართლომ აბსოლუტურად კანონიერად დაუბრუნა „მაესტროს“ თავისი ლოგო“,- ამის შესახებ „მეტრონომს“ გია გაჩეჩილაძის („უცნობი) ინტერესების დამცველმა, ირაკლი კორძახიამ განუცხადა:
„ლოგოთი მაუწყებლობას „მაესტრო“ 1995 წლიდან ახორციელებდა. ოფიციალურად „მაესტროს“ სახელზე პირველად 2011 წელს დარეგისტრირდა. ლოგო 2014 წელს ჩუმად, უკანონოდ, ბაია გადაბაძემ, „მაესტროს“ დირექტორმა, უსასყიდლოდ გააჩუქა ილია (ბაჩო) კიკაბიძის კომპანიაზე. არც ერთი თეთრი არ აუღია ამაში „მაესტროს“ და ეს მოხდა გია გაჩეჩილაძის საქმის კურსში ჩაყენების გარეშე. ანუ მოხდა „მაესტროს“ ქონების გაჩუქება. მას შემდეგ რაც გია გაჩეჩილაძემ ამის თაობაზე ერთი წლის მერე საქპატენტის მეშვეობით გაიგო, ჩვენ დავიწყეთ ამ ლოგოს დაბრუნების მოთხოვნით სასამართლო პროცესი. ორმა პარტნიორმა, გიორგი ებრალიძემ და ლევან ჩიკვაიძემ, რომელებიც ერთობლიობაში 30 პროცენტის მფლობელები არიან, სარჩელი სცნო, შესაბმისად არ დაეთანხმნენ ლოგოს გაჩუქებას. დღეს უკვე პარტნიორების 55 პროცენტი მიიჩნევს, რომ ლოგოს გაჩუქება კანონიერი არ იყო. ეს ყველაფერი მიიღო სასამართლომ მხედველობაში და აბსოლუტურად კანონიერად დაუბრუნა „მაესტროს“ თავისი ლოგო, ანუ ქონება, რომელიც მას ეკუთვნოდა.“ – განაცხადა კორძახაიამ „მეტრონომთან“.
შეგახსენებთ, რომ დღეს საქალაქო სასამართლომ ტელეკომპანია “მაესტროს” ლოგოსთან დაკავშირებით გია გაჩეჩილაძის , იგივე “უცნობის” სარჩელთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიიღო. მოსამართლემ ტელეკომპანიის “ლოგო” გაჩეჩილაძეს მიაკუთვნა.
ამ უფლების დაბრუნებას ერთ-ერთი დამფუძნებელი, ილია (ბაჩო) კიკაბიძე მოითხოვდა.
როგორც ბაჩო კიკაბიძე აცხადებს, სასამართლომ ექსპრემიერ ბიძინა ივანიშვილის დაკვეთა შეასრულა. მისივე თქმით, ივანიშვილმა სასამართლოს მეშვეობით მას ინტელექტუალური საკუთრება წაართვა.
„მაესტროს“ ერთ-ერთი დამფუძნებელი, მამუკა ღლონტიც მიიჩნევს, რომ სასამრთლოზე ხელისუფლებამ იქონია გავლენა:
„მაესტრო“ ირაკლი რუხაძემ „იმედის“ ფილიალად აქცია. რუხაძემ ბრენდი ზემდგომებთან ერთად წაგვართვა. ესენი არიან გიორგი კვირიკშვილი, ბიძინა ივანიშვილი და სხვები“-განაცხადა მამუკა ღლონტმა „ტვ პირველის“ ეთერში.
მისივე განცხადებით, ადრე თუ გვიან „მაესტროს“ დაიბრუნებენ:
„კერძო საკუთრება წართვეს ადამიანს. ევროპული სასამართლოს იმედი მაქვს“.-აღნიშნა ღლონტმა.