ენმ-ს ერთ -ერთი წევრი, დავით დარჩიაშვილი სოციალურ ქსელში მორიგ წერილს ავრცელებს, სადაც მათ პასუხობს, ვინც დარჩიაშვილი ბაქრაძის მხარდაჭერის გამო გააკრიტიკა:
“8 წელია “ნაციონალური მოძრაობის” ორომტრიალში ვარ, ვიცავ მიშას პოლიტიკურ მემკვიდრეობას და ბოლოს მიშასგან ვიღებ მოღალატის იარლიყს (ის, რომ მიშას ეს სიტყვა არ უთქვამს, როგორც ბაქრაძის ინტერვიუს შემდეგ ახსნა, თვალთმაქცობაა: მას უხარია, მისი “ხუნვეიბინები” რომ ილანძღებიან ჩვენი მისამართით, ახალისებს ამას და თავად ყოფილ თანამებრძოლებს გვეძახის). ეს ჩემთვის აღარაა პოლიტიკა, ამას სულ სხვა სახელი ქვია.
ნაცებს არ გვენდობა მოსახლეობის უმეტესობა. აქამდე სად ვიყავი, ხომ? იქ, რომ ვფიქრობდი, ამ უნდობლობას გადავტეხავთ, ხალხი გაგვიგებსთქო. ვერ გაგვიგო. ის, რომ 2016 წლის არჩევნებზე მასობრივი გაყალბება იყო, არის ბლეფი. იყო მოსყიდვა, დაშინება – მათ შორის იმით, რომ “აი, მოვლენ და მერე ნახეთ”. იყო გაყალბების ცალკეული შემთვევები. მაგრამ ეს არაა მასობრივი გაყალბება, ამას არც საერთაშორისო თანამეგობრობა იღებს გაყალბებად. ამას ვერც ქუჩაში დგომით უშველი. ტყუილებით პოლიტიკის კეთება კი მე არ მინდა.
ახლა მეორე მხარე: რასაც მაბრალებენ, თითქოს ბიძინასთან შეკვრას ვქადაგებ და მისი დანაშაულებების დავიწყებას. (ერთერთმა – საბანკო ანგარიშები შევუმოწმოთო. ნეტა შეამოწმონ ) ესაა მტკნარი სიცრუე, რომელსაც ან უბირი ადამიანები ავრცელებენ, რადგან წაკითხულიდან შინაარსი თავისი უბირობის მიხედვით გამოაქვთ, ან შეგნებულად აკეთებენ, რომ მეტი ქაოსი და სიძულვილი თესონ. ჩემი ღრმა რწმენით – რადიკალური, ყველასთან შეურიგებელი ნაციონალური მოძრაობა მარტო ბიძინას აწყობს, რადგან ასეთი ოპონენტი ყოველთვის დარჩება საზოგადოების დიდი ნაწილისათვის საფრთხობელად. ხოდა ამის შეცვლა მინდა, ამით მინდა ბიძინას ხელში არსებული კოზირის გაჭრა. ამით მინდა, რომ ვაიძულო, შეეშვას დევნას, გაათავისუფლოს პოლიტპატიმრები, დაეხსნას მედიას, მოუსმინოს და დაუჯეროს ჩვენების ეკონომიკურ ხედვებს. მხოლოდ ამის მერე გახდება შესაძლებელი, არ იყოს რუსული აგენტურა ჩვენს სპეცსამსახურებში.
ყველას თავის გზაზე გაუმარჯოს. თუ მიშამ ჩათვალა, რომ მისი ძველი თანამებრძოლები მოღალატეები გამხდარან, ახლა იმათ უნდა დაეყრდნოს, ვინც უკეთეს ოდას მიუძღვნის, მე ვერ გადავარწმუნებ. და თუ მგონია, რომ მისი არჩეული გზა არასწორია: მინიმუმ, ბიძინას ძვრას ვერ უზამს, მაქსიმუმ კი ქვეყანას ქაოსისაკენ წაიყვანს, ამის თქმის ვალდებულებას არ ვუღალატებ. ღალატი ისაა, რაც მართალი გგონია, ის არ თქვა.”-წერს დარჩიაშვილი.
შეგახსენებთ, რომ „რუსთავი 2“-ის ეთერში, გადაცემა „არჩევანში“ ენმ-ს ერთ-ერთმა ლიდერმა, დავით ბაქრაძემ პარტიაში მიმდინარე დაპირისპირების შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ პარტიის თავმჯდომარის პოსტზე კანდიდატურას ამიტომ არ დააყენებს.
დათო ბაქრაძის ინტერვიუში გაჟღერებულ განცხადებებს ენმ-ს წევრთა ნაწილმა სიცრუე უწოდა.
ენმ-ს წევრმა დავით დარჩიაშვილმა კი სოციალურ ქსელში ბაქრაძის ინტერვიუს შესახებ ვრცელი პოსტი დაწერა, სადაც აღნიშნა, რომ ბაქარაძე გაწონასწორებული ლიდერია და დაპირისპირების დრო დასრულდა.
ენმ 20 იანვარს ყრილობისთვის ემზადება, სადაც პარტიის თავმჯდომარე უნდა დაასახელონ. პარტიაში ამან განხეთქილება გამოიწვია, რადგან ნაწილი მიიჩნევს, რომ პარტიის თავმჯდომარე მიხეილ სააკაშვილია, მეორე ნაწილი კი აცხადებს, რომ სააკაშვილი ლიდერია, მაგრამ თავმჯდომარის პოსტი საქართველოში მყოფმა წევრმა უნდა დაიკავოს.