“მიხეილ სააკაშვილი გამოეხმაურა ახლა დავით ბაქრაძის ინტერვიუს გაბუნიასთან თითქოს დათომ მოიტყუა მოღალატეები არ მითქვამსო.”- ამის შესახებ ენმ-ეს ერთ-ერთი წევრი, ელენე ხოშტარია სოციალურ ქსელში წერს:
„მიხეილ სააკაშვილი გამოეხმაურა ახლა დავით ბაქრაძის ინტერვიუს გაბუნიასთან თითქოს დათომ მოიტყუა მოღალატეები არ მითქვამსო. პარტიის ნაწილი და თავად ბატონი მიხეილი პირადად ეძახის თანაპარტიელებს გარიგებულებს და ყოფილ თანაგუნდელებს.
ამ ფონზე საუბარი ურთიერთპატივისცემით ყრილობის ჩატარებაზე არის შეუძლებელი. (ურთიერთპატივისცმამ გამახსენა ბლანჟეიანები, პეროიანები, ახირებულებიბდა მსგავსი ეპითეტები). კარგია ბატონო მიხეილ თუ აცნობიერებთ, რომ ასეთი მოწოდებები აზარალებს პარტიას და ყრილობის ატმოსფეროს და იმედი მაქვს ეხლა შეცვლით ამ დამოკიდებუებას და მოუწოდებთ პარტიის ერთ ნაწილს შეწყვიტოს ბინძური კამპანია.
ასევე ყრილობის ცივილიზებულად ჩატარებას ჭირდება წესების დაცვა, რომლებსაც არღვევს ‘კომიტეტი’.
ბატონი დავითის დადანაშაულებას ჯობია ყველა დაფიქრდეთ რამხელა ზიანს აყენებს თქვენი კამპანია პარტიას და ქვეყანას და მართლაც დავბრუნდეთ ცივილიზებულ ჩარჩოებში.“-წერს ხოშტარია.
შეგახსენებთ, რომ „რუსთავი 2“-ის ეთერში, გადაცემა „არჩევანში“ ენმ-ს ერთ-ერთმა ლიდერმა, დავით ბაქრაძემ პარტიაში მიმდინარე დაპირისპირების შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ პარტიის თავმჯდომარის პოსტზე კანდიდატურას ამიტომ არ დააყენებს. ამავდროულად, დათო ბაქრაძემ განაცხადა, რომ მიხეილ სააკაშვილი თანაგუნდელებს მოღალატეებს უწოდებს და ეს მორალურ ზღვარს სცდება.
ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა ბაქრაძის ინტერვიუს სოციალურ ქსელში სიცრუე უწოდა.
დათო ბაქრაძის ინტერვიუში გაჟღერებულ განცხადებებს ენმ-ს წევრთა ნაწილმაც სიცრუე უწოდა.
ენმ 20 იანვარს ყრილობისთვის ემზადება, სადაც პარტიის თავმჯდომარე უნდა დაასახელონ. პარტიაში ამან განხეთქილება გამოიწვია, რადგან ნაწილი მიიჩნევს, რომ პარტიის თავმჯდომარე მიხეილ სააკაშვილია, მეორე ნაწილი კი აცხადებს, რომ სააკაშვილი ლიდერია, მაგრამ თავმჯდომარის პოსტი საქართველოში მყოფმა წევრმა უნდა დაიკავოს.