სოჭის სანაპიროსთან ჩამოვარდნილი თვითმფრინავის ფრაგმენტებს ამ დრომდე ეძებენ. უკვე ნაპოვნია 7 გარდაცვლილის ცხედარი.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს კუთვნილი ტუ 154, რომლის ბორტზეც 92 ადამიანი იმყოფებოდა, სოჭის აეროდრომიდან აფრენიდან 20 წუთის შემდეგ რადარებიდან გაქრა და შავ ზღვაში ჩავარდა.
ავიაკატასტროფის სავარაუდო მიზეზად ტექნიკური გაუმართაობა განიხილება, თუმცა გამოძიება პილოტირების შეცდომისა და ტერაქტის ვერსიაზეც მუშაობს. თავდაცვის უწყების ინფორმაციით, ტუ 154 მოსკოვის ჩკალოვსკის აეროდრომიდან სირიის ქალაქ ლატაკიაში მიფრინავდა. ლაინერი სოჭში საწვავის მარაგის შესავსებად დაეშვა. ბორტზე სამხედროები, ჟურნალისტები და ცეკვისა და სიმღერის ანსამბლის წევრები იმყოფებოდნენ, რომლებსაც ხმეიმიმის ბაზაზე რუსი სამხედროებისთვის საახალწლო კონცერტი უნდა გაემართათ.
საგამოძიებო კომისიას ვლადიმერ პუტინის დავალებით დიმიტრი მედვედევი უხელმძღვანელებს.
“რუსეთის თავდაცვის სამინისტროს თვითმფრინავი ადლერის აეროდრომიდან აფრინდა და 5 საათსა და 27 წუთზე რადარებიდან გაქრა. ბორტზე ეკიპაჟის 8 წევრი და 84 მგზავრი იმყოფებოდა, მათ შორის იყვნენ თავდაცვის სამინისტროს თანამშრომლები, მედიის 9 წარმომადგენელი და ალექსანდროვის სახელობის ანსამბლის არტისტები. ფრაგმენტები სოჭის სანაპიროდან კილომეტრნახევარში, 50-70 მეტრის სიღრმეზეა ნაპოვნი. სამაშველო-სამძებრო ოპერაცია ამ წუთებშიც გრძელდება. თვითვრინავის ძებნის რაიონში მობილიზებულია 4 საზღვაო ხომალდი, 5 ვერტმფრენი და უპილოტო საფრენი აპარატები. სოჭში უკვე გაემგზავრა რუსეთის თავდაცვის სამინისტროს კომისია, რომელსაც მინისტრის მოადგილე ხელმძღვანელობს,” – განაცხადა რუსეთის თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენელმა, იგორ კონაშენკოვმა.