დღეს სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქის ილია მეორის აღსაყდრებიდან 39 წელი შესრულდა. ყოვლადწმინდა სამების საკათედრო ტაძარში სადღესასწაულო საღმრთო ლიტურგია გაიმართა.
თავად ილია მეორე მღვდელმსახურებას ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ვერ დაესწრო.
“საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, უწმინდესსა და უნეტარესს ილია მეორეს სავარაუდოდ აქვს ინფექცია გრიპის ვირუსით, რომელიც მაღალი ტემპერატურის ფონზე მიმდინარეობს”, – ამის შესახებ ინფორმაცია საპატრიარქოს ჯანდაცვის დეპარტამენტის ხელმძღვანელის მოადგილემ, ექიმმა ცისანა შარტავამ ჟურნალისტებს მიაწოდა.
შარტავას განცხადებით, ამ დროისთვის პატრიარქის ჯანმრთლობის მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა.
”პატრიარქის მდგომარეობა ამ დროისთვის საშუალო სიმძიმის არის. სავარაუდოდ აქ არის ინფექცია, გრიპის ვირუსით. დაავადება მაღალი ტემპერატურის ფონზე მიმდინარეობს. სპეციალისტები ყველაფერს აკეთებენ სავარაუდო გართულებების თავიდან ასაცილებლად. ღვთის შეწევნით ყველაფერი კარგად იქნება”, – განუცხადა ჟურნალისტებს ექიმმა ცისანა შარტავამ.