“საპარლამენტო მმართველობის ფორმა არ შეიცვლება”, – ამის შესახებ სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ დღეს კომისიის პირველი სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.
მისი თქმით, აღნიშნულ საკითხზე დღევანდელ სხდომაზე იყო საუბარი.
”ერთადერთი წინასწარი გადაწყვეტილება გვაქვს შემდეგ საკითხზე – ეს არის მმართველობის ფორმა. არსებულ მმართველობის ფორმას ჩვენ შევინარჩუნებთ, ეს არის საპარლამენტო მმართველობის ფორმა, რომელიც მოქმედებს დღეს. ეს ფორმა არ შეიცვლება. დარჩება საპარლამენტო მმართველობა, რაზეც ჩვენ ვისაუბრეთ დღევანდელი კომისიის სხდომაზე”, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
დღეს, საკონსტიტუციო კომისიაში 4 სამუშაო ჯგუფი შეიქმნა, რომელიც მუშაობას იანვრის შუა რიცხვებიდან განაახლებს.
კობახიძის თქმით, კომისიის მთავარი ამოცანაა, კონსტიტუციის დახვეწა.
პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, სამუშაო ჯგუფებია: ადამიანის უფლებები და სასამართლო ხელისუფლება; პარლამენტი და ფინანსების კონტროლის გადახედვის სამუშაო ჯგუფი; პრეზიდენტის, მთავრობისა და თავდაცვის საკითხების სამუშაო ჯგუფი და ასევე ტერიტორიული მოწყობისა და ადგილობრივი თვითმმართველობის სამუშაო ჯგუფი.
რაც შეეხება იმ საკითხს, თუ რამდენად მოესწრება აპრილის ბოლომდე კომისიის მუშაობის დასრულება, კობახიძემ აღნიშნა, რომ სხდომაზე ეს საკითხი განიხილეს და ვადებზე კითხვები არ დარჩენილა. თუმცა, პარლამენტის თავმჯდომარის განმარტებით, თუკი 4 თვეში ხარისხიანი პროდუქტი ვერ მომზადდება, ვადის გახანგრძლივებას წინ არაფერი უდგას.