ექსკლუზიური ინტერვიუ ეკონომიკურ ექსპერტთან და “გირჩის” ერთ-ერთ დამფუძნებელ ვახტანგ მეგრელიშვილთან
ლარის კურსი დოლართან მიმართებით რეკორდულად გაუფასურებულია. ეროვნული ბანკის ოფიციალური გაცვლითი კურსი, აშშ დოლართან მიმართებაში უკვე – 2 ლარი და 78 თეთრია, მაშინ როცა კომერციულ ბანკებსა და სავალუტო ჯიხურებში, კურსი დიდი ხანია გადასცდა – 2 ლარსა და 80 თეთრს. ვერავინ ამბობს, როგორი იქნება ახალი ისტორიული მინიმუმი, ანუ სადამდე შეიძლება „გაიქცეს“ ლარი.
“ამერიკის ხმა” წერს, რომ Bloomberg Terminal-ის მონაცემებით, ბოლო ერთი თვის მანძილზე, ჩვენს რეგიონში, დოლართან მიმართებაში, ყველაზე მეტად სწორედ ქართული ლარი გაუფასურდა – თითქმის, 12 %-ით. შემდეგ მოდის: თურქული ლირა – 5,12 %-ით, აზერბაიჯანული მანათი – 4,33 %-ით და სომხური დრამი 0,31 %-ით. ხოლო, რუსული რუბლი ამ მოკლევადიან პერიოდში, დოლართან მიმართ საერთოდ გამყარდა – 3,33 %-ით.
ლარის გაუფასურების ფონზე ძვირდება პროდუქტის ფასიც. საქსტატის მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციით, ნოემბერში ბოსტნეულის ფასი 8,7 %-ით გაძვირდა.
ლარის გაუფასურების მიუხედავად, მთავრობამ 2017 წლის ბიუჯეტი 4%-იან ეკონომიკურ ზრდაზე გათვალა.
ეკონომიკური ექსპერტი და “გირჩის” ერთ-ერთი დამფუძნებელი ვახტანგ მეგრელიშვილი ამბობს, რომ 2017 წელი ეკონომიკური თველსაზრისით ძალიან მძიმე იქნება.
“გირჩს” ლარის დასტაბილურების ერთ-ერთ გზად თავისუფალი სავალუტო რეჟიმის ამოქმედება მიაჩნია. პარტიის ლიდერის ზურაბ ჯაფარიძის შეფასებით რეჟიმის ამოქმედების შემდეგ მოქალაქეებს მიეცემათ საშუალება გამოიყენენ ის ვალუტა, რომელსაც უფრო მეტად ენდობიან, ხოლო მთავრობას აღარ ჰქონდეს მონიტარული ინსტრუმენტების გამოყენებით ეკონომიკაში ჩარევის ბერკეტები.
თავისუფალ სავალუტო რეჟიმსა და ეკონომიკაში არსებულ პრობლემებზე “მეტრონომი” ვახტან მეგრელიშვილს ესაუბრა.
“მეტრონომი“: მოკლედ რომ გვითხრათ, რას გულისხმობს თავისუფალი სავალუტო რეჟიმი და რამდენად არის ეს გამოსავალი იმ ეკონომიკური მდგომარეობიდან, რომელშიც ახლა ჩვენ ვართ?
ვახტან მეგრელიშვილი: ჩვენ ახლა ლარი გვაქვს ერთადერთი საგადამხდელო საშუალება, ანუ ნებისმიერი ოპერაცია საქართველოს შიგნით თუ დენომინირებული ლარში არ არის, ითველება უკანონოდ. წარმოიდგინეთ, რომ ლართან ერთად ანალოგიურად მოქალაქეებს საშუალება ჰქონდეთ, რომ ივაჭრონ დოლარში. დღეს ერთადერთი საგადამხდელო საშუალება კანონის მიხედვით არის ლარი. თუ ეს მუხლი აღარ იარსებებს, შესაძლებელი იქნება სხვა ვალუტაშიც ყიდვა-გაყიდვა ოპერაციების წარმოება. აი მაგალითად ელიავაზე როცა მიდიხართ, დოლარში და ევროში ხომ ვერ ყიდულობთ ვერაფერს. ან ტაქსის მძღოლს მისცეთ არა ლარი, არამედ დოლარი. შენ როგორც კი ქვეყანაში უშვებ უფრო მყარ ვალუტას, ვიდრე შენი საკუთარი ვალუტაა, მაშინვე დაიწყებოდა ლარის გაუფასურება. ახლა წარმოიდგინეთ, რომ ეროვნულ ბანკს აქვს სავალუტო რეზერვი დაახლოებით 2,5 მილიარდი დოლარი (რამდენიმე თვის წინ ასე ჰქონდათ, ახლა არ ვიცი), ბაზარზე ლარების რაოდენობა არის ვთქვათ 6 მილიარდი ლარი, შესაბამისად, შენ როდესაც ასეთ გადაწყვეტილებას იღებ და ხვალ ვალუტაში შესაძლებელია ვაჭრობა, იმ ადამიანებს ვისაც დეპოზიტები აქვთ ლარში და ვისაც ჯიბეში უდევთ გუშინდელი, ლარში აღებული ხელფასი არ უნდა გაუუფასურდეთ ეს ლარი. ამისთვის საჭიროა სავალუტო რეზერვი, რომ ბოლომდე სრულად გამყარდეს ლარი, ანუ რეალურად საქართველოს ყველა მოქალაქე ერთ მშვენიერ დღეს რომ მივიდეს ბანკში და მოითხოვოს თავისი ლარის გადახურდავება დოლარში, ამის პრაქტიკული შესაძლებლობა უნდა არსებობდეს. აქედან გამომდინარე ეს გულისხმობს იმას, რომ ჩვენი ლარი მყარად უნდა მიებას უცხოურ ვალუტას. ამის შემდეგ დიდი მნიშვნელობა იმას, რომ ჯიბეში ლარი გიდევს მნიშვნელობა ამას უკვე აღარ ექნება.
– ეკონომისტი ბესო ნამჩავაძე თქვენს ინიციატივასთან დაკავშირებით აცხადებს, რომ თავისუფალი სავალუტო რეჟიმის ამოქმედებას მხარს არ დაუჭერენ საერთაშორისო დონორი ორგანიზაციები და მეორე, ამას დასჭირდება წლები. რა შეგიძლიათ გვითხრათ ამ არგუმენტებზე?
– არ ვიცი რატომ თვლის ბესო ნამჩავაძე, რომ ამას წლები დასჭირდება. მე უბრალოდ ვერ ვხვდები რაშია საჭირო წლები. ეს სქემა ამოქმედდება მას შემდეგ რაც გადაწყვეტილებას მიიღებ და მას მერე რაც ტექნიკურ საკითხებს გადაწყვეტ. ანუ გეცოდინება რამდენი გაქვს და ბანკებს გაუფორმებ ხელშეკრულებას მარტივად, მაგალითად, ოზურგეთში, ან ჩხოროწყუში გადაცვალონ ვალუტა მოქალაქეების მოთხოვნის შემთხვევაში და ამას დასჭირდება ერთადერთი რამე, რომ გადასახადების აკრეფა დოლარში უნდა მოხდეს. გადასახადების გადახდა უნდა შეიძლებოდეს როგორც ლარში ისევე დოლარში. რაც შეეხება საერთაშორისო ორგანიზაციებს, ნაწილობრივ მართალია ეგ იმ ნაწილში, რომ ევროკავშირიც არ მიესალმება იმ ქვეყნებს, რომლებიც მაგალითად ცალმხრივად იყენებდნენ ევროს. მონტენეგრომ გამოიყენა ცალმხრივად ევრო. ევროკავშირში არ მიესალმნენ ამას, მაგრამ ამის მიუხედავად ამ ქვეყნებს არანაირი პრობლემა არ შექმიანიათ. ასეთი პოლიტიკა აქვთ ნაწარმოები სინგაპურს, ჰონკონგს. და ისინი ამ პოლიტიკას ათეული წლების განმავლობაში აწარმოებდნენ. შესაბამისად, ამ საერთაშორისო ორგანიზაციების რჩევა არ არის უზენაესი კანონი, ეს არ არის ბიბლია, რომელსაც აუცილებლად უნდა დაექვემდებარო. ანუ არაფერი არ მოხდება. კარგი იქნება მაგალითად, ამერიკის მთავრობას თუ შევუთანმხდებით, რომ ჩვენ გამოვიყენებთ მის ვალუტას კანონიერად. ამით აშშ-ც ხომ სარგებლობს, როდესაც მისი ვალუტა ბევრ ეკონომიკაში მოძრაობს. შეიძლება სთხოვო სინიორაჟი მიიღოს, ანუ ის ფული რომლებსაც სახელმწიფო ფულის გამოშვების დროს აკეთებს.
– თუ თავისუფალი სავალუტო რეჟიმი ამოქმედდება რა სარგებელი შეიძლება მივიღოთ? შეგიძლიათ გვითხრათ მოკლევიდიანი და გრძელვადიან პერსექტივაში რას მოუტანს თქვენი ინიციატივა ქვეყანას?
– საქართველოს მოქალაქეებმა, რომლებმაც სესხები აიღეს დოლარში და დღეს მათ აქვთ ამ სესხების დაფარვის გაჭირვება, მსგავსი ტიპის პრობლემა საქართველოში აღარ იარსებებს. ბიზნესები, რომლებიც მუდმივად არიან სავალუტო რისკების წინაშე, მაგალითად იმპორტიორები, რომლებსაც პროდუქცია საზღვარგარეთიდან შემოაქვთ და დოლარზე ყიდულობენ. მერე აქ უნდა გაყიდონ ლარში, ეს ფული ისევ უნდა გადაახურდავონ და ეს ციკლი ხელახლა უნდა გაიარონ. უამრავ ბიზნეს ჩვენ საქმეს გავუმარტივებთ. მათ ზუსტად შეეძლებათ საკუთარი კალკულაციები შეცდომების გარეშე ჩაატარონ. ეს ძალიან ბევრი ბიზნესისთვის საქმის გამარტივება იქნება და მათ შორის უცხოელი ინვესტორებისთვის. თავისუფალი სავალუტო რეჟიმის პირობებში მათთვის საქართველოს ფინანსური ბაზარი ისეთივე გასაგები იქნება, როგორიც არის მაგალითად აშშ-ს ფინანსური ბაზარი, ან ჰონკონგის ბაზარი. საქართველოს მთავრობას და მის მიერ გამოშვებულ ფარატინა ლარს, მინდა დაგარწმუნოთ, რომ არავინ არ ენდობა.
– თქვენი იდეებისგან რადიკალურად განსხვავებულ პოლიტიკას ატარებს მთავრობა. მოკლევადიან პერსპექტივაში გაქვთ მოლოდინი რომ ლარი დასტაბილურდება? ბუნებრივია, კურსის პროგნოზს არ გეკითხებით. არსებობს მოსაზრება, რომ ლარის კუსმა დოლართან მიმართებით შეიძლება 3.0 მიაღწიოს.
– თქვენ კითხვაშივე ჩანს პასუხი. მე გეუბნებით რა არის გასაკეთებელი იმისთვის, რომ ეს პრობლემები რაც თქვენ, მე და ყველას გვაქვს ამ ქვეყანაში, მოიხსნას. გარდა ზოგადად ლარის თემისა, ლარი არის სიმპტომი ეკონომიკური პრობლემებისა. ანუ ლარის კურსი თავად კი არ არის დაავადება, არამედ დაავადება არის ეკონომიკაში, რომელიც მჟღავნდება ლარის კურსში. შესაბამისად, საქართველოს მთავრობის ნომერ პირველი პრობლემა ლარი კი არ არის, არამედ ეკონომიკური პოლიტიკაა. ის ეკონომიკური პოლიტიკა, რომელიც ამ ქვეყანაში ბიზნესს საქმიანობას ამ ქვეყანაში ზღუდავს. ვიდრე მთავრობა თვითონ არ გადახედავს თავის ეკონომიკურ ხედვას, რომელიც არა მარტო ლართან მიმართებაში გამოიხატება, არამედ ძალიან ბევრ არასწორ პოპულისტურ ინიციატივაში მჟღავნდება.
– ათპუნქტიან გეგმას გულისხმობთ?
– ათპუნქტიანი გეგმა არის კატალიზატორი ბოლოდროინდელი პანიკის სავალუტო ბაზარზე.
– თქვენ თქვით, რომ ლარი აჩვენებს იმას, რაც ხდება ჩვენს ეკონომიკაში. ათპუნქტიანი გეგმის ინიციატივას ამხელა ეფექტი შეიძლება ჰქონოდა?
– დიახ, რა თქმა უნდა. ათპუნქტიანი გეგმა და საქართველოს ბიუჯეტი ერთად იკითხება. ნებისმიერი ბიზნესმენი, რომელიც ექსპორტით არის დაკავებული, მან იცის, რომ მომავალი წლიდან გადასახადები ეზრდება. მომავალი წელი მათ დაგეგმილი ჰქონდათ და მთავრობისგან მიიღეს სრულიად განსხვავებული გზავნილები. შესაბამისად, მათი მყისიერი რეაქცია იყო ის, რომ გაქცეულიყვნენ და მოემარაგებინათ დოლარები. მთავრობის ამოცანა ახლა უნდა იყოს ბიუჯეტის შეკვეცა, ანუ ბიუჯეტი უნდა დააკორექტირონ თავდაპირველად არჩევნებამდე რაც წარდგენილი ჰქონდათ იმ დონემდე, ათპუნქტიანი გეგმა საგულდაგულოდ უნდა გადამალონ. ასეთ შემთხვევაში რაც ჩვენ დღეს გვაქვს, 2017 წელი ყველაზე მძიმე წელი იქნება, ბოლო ხუთი წლის განმავლობაში. ეს არის პროგნოზი და რამდენი იქნება კურსი, ამის თქმა არის აბსურდი და არავის შეუძლია.
– ესტონური მოდელი, რომლის მთავარი პრინციპი არის ის, რომ თუ მოგების რეინვესტირებას მოახდენს ბიზნესმენი, ის გადასახადებისგან თავისუფლდება. თუ ბიზნესს გადასახადებს გაუზრდი, რასაც ჩვენი მთავრობა აპირებს, მაშინ ამ მოდელის ამოქმედებას რა აზრი აქვს?
– აბსოლუტურად მართალი ბრძანდებით. ესტონური მოდელის ამოქმედებას აზრი ჰქონდა იმ შემთხვევაში, როდესაც ბიზნესმენს რჩება მოგების ნაწილი ინვესტირებისთვის, მაგრამ როდესაც მთავრობა ამბობს, რომ 300 მილიონით გადასახადებს იკლებს, არ იღებს ეკონომიკიდან და ამის პარალელურად აქციზის გადასახადით, დღგ-ით იღებს ოთხჯერ მეტს იგივე ეკონომიკიდან, ცხადია, არანაირი აზრი არ აქვს.
მარიამ ვარადაშვილი