თბილისის საქალაქო სასამართლოში „ცენტრ-პოინტის“ საქმეზე, რომელიც „ბათუმის მაგნოლიას“ ეპიზოდს შეეხება, პროცესი დასრულდა. სხდომაზე დაიკითხნენ ბრალდების მხარის მოწმეები, მათ შორის ერთ-ერთი ამ საქმეზე ბრალდებული სალომე ჩარკვიანი, რომელთანაც შემდეგ საპროცესო შეთანხმება გაფორმდა და პატიმრობიდან გაათავისუფლეს. როგორც საქმის პროკურორმა განაცხადა, სალომე ჩარკვიანმა სრულად დაადასტურა გამოძიებაზე მიცემული ჩვენება.
„დაიკითხა საქმეზე ერთ-ერთ ბრალდებულად მყოფი სალომე ჩარკვიანი, რომელთანაც მოგეხსენებათ, გაფორმდა საპროცესო შეთანხმება. ჩარკვიანმა სრულად დაადასტურა გამოძიებაზე მიცემული ჩვენება, კერძოდ მან მიუთითა, რომ თანხების განკარგვასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას იღებდა უშუალოდ მაია რჩეულიშვილი. მის მიერ ანგარიშიდან გატანილი თანხა, რაც შეადგენდა დაახლოებით 6 მლნ ლარს, სრულად მიითვისა და გაფლანგა მაია რჩეულიშვილმა. გარდა აღნიშნულისა, სასამართლო პროცესზე ასევე დაიკითხა უშუალოდ „ცენტრ-პოინტ აჭარას“ თანამშრომელი მაია მეშულდიშვილი, რომელიც იყო მოლარე და უშუალო მითითებებს იღებდა მაია რჩეულიშვილისგან. მოწმემ დაადასტურა, რომ სალაროდან თანხები გადიოდა არამიზნობრივად, რომელიც ხმარდებოდა მაია რჩეულიშვილის საკუთრებაში არსებულ სასტუმრო ქსელს „რჩეულს“ და სხვა დაწესებულებებს,“- განაცხადა საქმის პროკურორმა დავით გუმბერიძემ.
მაია რჩეულიშვილის ადვოკატები სარჩელით ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს მიმართავენ. როგორც ადვოკატმა მარიამ ცუცქირიძემ განაცხადა, დაცვის მხარის ხელთ არსებული ყველა მასალა სტრასბურგში უახლოეს დღეებში გაიგზავნება. ”მასალები სრულად გაიგზავნება ამ კვირაში სტრასბურგში, როგორც ზოგადად აღკვეთის ღონისძიებასთან დაკავშირებით, ასევე ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებითაც. სავარაუდოდ, 23 დეკემბერს გავგზავნით. 24 საათის განმავლობაში განიხილავს სტრასბურგი ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ საკითხებს. სტრასბურგის იმედი მაინც გვაქვს”.- განაცხადა ადვოკატმა.
შეგახსენებთ, „ცენტრ-პოინტის“ საქმეზე ბრალდებული არიან მაია რჩეულიშვილი და გუკა რჩეულიშვილი. მაია რჩეულიშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო, მისმა ადვოკატმა დღევანდელ სასამართლო სხდომაზე მისი გირაოთი გათავისუფლების მოთხოვნით შუამდგომლობა დააყენა. გირაოთი გათავისუფლება იშუამდგომლა ასევე გუკა რჩეულიშვილის ადვოკატმაც, რადგან მისი თქმით, მას თანხებთან არანაირი შემხებლობა არ ჰქონია, თუმცა სასამართლომ აღნიშნული შუამდგომლობები არ დააკმაყოფილა და ორივე ბრალდებული პატიმრობაში დატოვა.