ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

„მე რომ თქვენს ადგილას ვიყო“: ოთარ კახიძე სააკაშვილს დაბადების დღეს ულოცავს და ურჩევს

“ნაციონალური მოძრაობის” წევრი ოთარ კახიძე საქართვლოს მე-3 პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს დაბადების დღეს ულოცავს. დეპუტატი სააკაშვილს ურჩევს თავად დაასახელოს პარტიის ახალი თავმჯდომარე და ამით დაასრულოს “ნაციონალურ მოძრაობაში” არსებული დაპირისპირება.

კახიძე “ფეისბუქის” საკუთარ გვერდზე 2013 წელს, ექსპრეზიდენტის გაეროს გენერალურ ასამბლეაზე გამოსვლასაც აქვეყნებს.

“ეს არის ერთ-ერთი საუკეთესო სიტყვა, რომელიც ამ ტრიბუნიდან თქმულა.

სიტყვა ეკუთვნის ადამიანს, ვინც უპერსპექტივო, ჩამოშლილი, კრიმინალებისა და კორუმპირებული ჩინოვნიკების მიერ გამოხრული ქვეყანა ჩაიბარა და 9 წელიწადში გარდაქმნა თანამედროვე, ფუნქციონალურ სახელმწიფოდ.

სრულიად წარმოუდგენელი მიღწევები დადო. მაშინდელი გადმოსახედიდან ხომ სიგიჟე იყო ასეთი პროგრესი და დღესაც დავრწმუნდით, თურმე რამხელა ძალისხმევა სჭირდება მათ შენარჩუნებას.

ჩვენი სახელმწიფოს სირცხვილია, რომ მას ქვეყნის დატოვება მოუწია პოლიტიკური დევნის გამო. საქართველოდან წასულმა კიევის მაიდანში მიიღო მონაწილეობა, იქაურ პოლიტიკაში აქტიურად ჩაება და დღეს უკრაინელი ხალხის მთავარი იმედია კორუფციისა და ოლიგარქიის წინააღმდეგ ბრძოლაში.

ივანიშვილის სასამართლომ პატიმრობა დაუსწრებლად შეუფარდა, მაგრამ ამის მიუხედავად, ჯერ ევროპარლამენტში, ხოლო შემდეგ აშშ სენატში პატივით უმასპინძლეს. ინტერპოლმა ოფიციალური წერილით შეარცხვინა ივანიშვილის პროკურატურა, როცა უარი უთხრა მის ძებნილად გამოცხადებაზე.

მართლა ღიმილის მომგვრელია, როცა ამ მასშტაბის პოლიტიკოსზე ამბობენ, რომ ნაცმოძრაობის თავმჯდომარის ვაკანტური, ცარიელი სკამის შენახვაზე ყოფილა დამოკიდებული მისი ავტორიტეტი და ლიდერობა.

საწყენია, როცა უპერსპექტივო პოლიტიკური ჯგუფები ცდილობენ, რომ მას ტვინი აუმღვრიონ და თანამებრძოლების, საბოლოო ჯამში კი საკუთარი თავის წინააღმდეგ მიმართონ მისი ენერგია და რესურსი.

დარწმუნებული ვარ, რომ არ შეიძლება ამ დონის პოლიტიკოსი დაკავებული იყოს წვრილმანი პარტიული კინკლაობით, ჩართული იყოს გაურკვეველ ინტრიგებსა და უმიზნო დაპირისპირებაში, რომელიც ნამდვილად არ მიგვიყვანს სასურველ შედეგამდე.

ბატონო პრეზიდენტო, ნუ დაეყრდნობით მათ, ვინც თქვენ ყველა მოსაზრებას უპირობოდ დაეთანხმება. პირიქით, მხარი დაუჭირეთ და თქვენი ავტორიტეტით გააძლიერეთ სწორედ ისინი, ვინც არ გერიდებათ, გეკამათებათ და იდეების კრიტიკულ ფილტრში გატარების შემდეგ მიდიან საერთო გადაწყვეტილებამდე.

მე რომ თქვენს ადგილას ვიყო, წერტილს დავუსვამდი თქვენივე დაფუძნებულ პარტიაში მიმდინარე ამ გაუგებარ დაპირისპირებას, თავად დავასახელებდი თავმჯდომარის კანდიდატურას, გავუწვდიდი შერიგების ხელს თანამებრძოლებს და საკუთარ რესურსს საერთო წარმატებას მოვახმარდი.

ასე მოიქცეოდა ისეთი ლიდერი, როგორიც არის მიშა ჩემს წარმოდგენაში.

დაბადების დღეს გილოცავთ ბატონო პრეზიდენტო!

გისურვებთ ჯანმრთელობას, სიმტკიცესა და წარმატებას.”- წერს კახიძე.

 

იტვირთბა....