„ჩემთვის დიდი პატივია ვუმასპინძლო ვლადიმირ მაკეის თბილისში, ეს არის ბელარუსის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი ოფიციალური ვიზიტი საქართველოში და იმედს გამოვთქვამ, რომ ეს ვიზიტი მძლავრ იმპულსს შესძენს ჩვენს ქვეყნებს შორის არსებულ მჭიდრო კავშირებს და მათ შემდგომ განვითარებას“ – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ, ბელარუსის საგარეო საქმეთა მინისტრთან ვლადიმერ მაკეისთან საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში გამართული შეხვედრის შემდგომ, ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს საქართველოსა და ბელარუსს შორის არსებული პოლიტიკური, სავაჭრო-ეკონომიკური და კულტურულ-ჰუმანიტარული ურთიერთობების ფართე სპექტრი. ხაზი გაესვა ორივე ქვეყნის საგარეო უწყებას შორის პოლიტიკური კონსულტაციების რეგულარულად გამართვის მნიშვნელობას. აღინიშნა, საერთაშორისო ორგანიზაციების ფარგლებში, მათ შორის ევროკავშირის „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ფორმატში თანამშრომლობის გაღრმავების აუცილებლობა.
მინისტრებმა კმაყოფილებით აღნიშნეს მაღალი დონის ვიზიტების აქტიური დინამიკა, რომლითაც გამორჩეული იყო 2016 წელი, რაც ხელს უწყობს საქართველო-ბელარუსს შორის სხვადასხვა მიმართულებით პრაქტიკული თანამშრომლობის გაღრმავებას. როგორც კოლეგასთან გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე მიხეილ ჯანელიძემ აღნიშნა, ორმხრივი ფორმატების ფარგლებში ბელარუსთან მიმდინარეობს მსჯელობა სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების განვითარებაზე, რათა გაიზარდოს, როგორც ორმხრივი ვაჭრობა, ასევე ბელარუსული საწარმოების მონაწილეობა ქართულ ეკონომიკაში.
„ჩვენს ქვეყნებს აკავშირებთ ძალიან აქტიური ხალხთაშორისი კონტაქტები, ასევე კულტურული ურთიერთობები, იზრდება ვიზიტორების,ტურისტების რაოდენობა, რაც კიდევ უფრო მეტად უწყობს ხელს ჩვენს ქვეყნებს შორის თანამშრომლობას, ჩვენ ასევე ვმუშაობთ, რომ განვითარდეს სატრანსპორტო ურთიერთობები, ინფრასტრუქტურული პროექტები, ჩვენი განხილვა დღევანდელ შეხვედრაზე შეეხო ყველა ასპექტს ორმხრივი ურთიერთობების, ასევე ვისაუბრეთ რეგიონში არსებულ გამოწვევებზე. ვისაუბრეთ საჭიროებებზე, რომ ჩვენ გვქონდეს მაქსიმალურად გახსნილი დიალოგი იმისათვის, რათა ერთობლივად შევძლოთ მნიშვნელოვან საკითხებზე გადაწყვეტილებების მიღება“ -განაცხადა მიხეილ ჯანელიძემ.
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი კიდევ ერთხელ მიესალმა და ისტორიული უწოდა საქართველოში ბელარუსის საელჩოს გახსნის გადაწყვეტილებას.
„ჩვენ დღეს ოფიციალურად გავხსნით ბელარუსის საელჩოს თბილისში. ეს არის ნიშანი იმისა, რომ ორივე მხარე მოტივირებულია კიდევ უფრო გაღრმავდეს ჩვენი ურთიერთობები. მივესალმებით ამ მნიშვნელოვანი ისტორიული მოვლენის აღნიშვნას ერთობლივად, მოხარული ვარ, რომ ეს შესაძლებლობა მომეცემა ჩემს კოლეგასთან, ჩემს მეგობართან ერთად“ – განაცხადა ჯანელიძემ.