ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

„თუ ცილისწამება დასჯადი გახდება, ღარიბაშვილს, ბერიკაშვილს და ბესელიას სამუდამო პატიმრობა ეკუთვნით“

„თუ ცილისწამება სისხლის სამართლის წესით დასჯადი გახდება, ალბათ ირაკლი ღარიბაშვილს და მანანა ბერიკაშვილს რაფალიანცის მკვლელობის ბრალდებისთვის, ასევე ეკა ბესელიას სანდრა რულოვსისთვის ორგანოებით ვაჭრობის დაბრალებისთვის სამუდამო პატიმრობა ეკუთვნით“, – ამის შესახებ ”ნაციონალური მოძრაობის” წევრმა ოთარ კახიძემ განაცხადა.

მისი თქმით, ცილისწამებაზე სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის გამოყენება საბჭოთა წარსულში დაბრუნებაა.

”სიტყვის თავისუფლება გულისხმობს იმას, რომ არ შეიძლება ადამიანი სიტყვის გამო მიცემული იყოს პასუხისგებაში, თუ ეს არ წარმოშობს მყისიერ საფრთხეს ძალადობის და შუღლის გაღვივების. არ მაქვს მოლოდინი, რომ ამ კანონს მიიღებს პარლამენტი, მიუხედავად იმისა, რომ ”ქართულ ოცნებაში” მრავლად არიან ისეთი დეპუტატები, რომლებიც თავისი აზროვნებით სწორედ საბჭოთა წარსულში არიან”, – განაცხადა ოთარ კახიძემ.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს პარლამენტის ბიურომ დაარეგისტრირა და იურიდიულ საკითხთა კომიტეტს დაავალა, განიხილოს „საქართველოს იურიდიულ მეცნიერებათა აკადემიის“ მიერ წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადება „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“. აღნიშნული ცილისწამებისა და შეურაცხყოფის სისხლის სამართლის კანონმდებლობით დასჯადობას ითვალისწინებს.

იტვირთბა....