„ეს არის სტუდენტების გადაწყვეტილება, რომ ხელი შეუშალონ თავის მეგობრებს სწავლაში და ეს ჩვეულებრივი დანაშაულია“, – ამის შესახებ განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა ალექსანდრე ჯეჯელავამ “აუდიტორია 115”-ის მიერ უნივერსიტეტის მე-6 კორპუსის პიკეტირების შესახებ განაცხადა.
”ეს არის სტუდენტების გადაწყვეტილება, რომ ხელი შეუშალონ თავის მეგობრებს სწავლაში და ეს ჩვეულებრივი დანაშაულია, რაც ამ ხალხს არაფერში სჭირდება. ჩვენ რამდენჯერმე ვთხოვეთ ამ ხალხს, გამოხატონ პროტესტი, ოღონდ ისე, რომ თავის თანატოლებს სწავლაში ხელი არ შეუშალონ”, – განაცხადა ალექსანდრე ჯეჯელავამ.
მისი თქმით, „აუდიტორია 115“-ის მოთხოვნებს რაც შეეხება, ხელისუფლება ისეთ ნაბიჯს არ გადადგამს, რომლითაც 100 სტუდენტის მოთხოვნა გათვალისწინებული იქნება, 20 ათასის კი უყურადღებოდ დატოვებული.
”საკანონმდებლო თვალსაზრისით, პრემიერ-მინისტრი და მეც დავპირდით სტუდენტებს, რომ მათი მოთხოვნები გათვალისწინებული იქნება. თუმცა, რა თქმა უნდა, ჩვენ ისე არ ვიზამთ, რომ 100 სტუდენტის მოთხოვნა გავითვალისწინოთ და 20 ათასის უყურადღებოდ დავტოვოთ. ამიტომ შექმნილია პლატფორმა, შექმნილია მუშაობის მრავალფეროვანი ინსტრუმენტები და საკანონმდებლო თვალსაზრისით ისეთი ვარიანტები გვექნება, რომელიც უნივერსიტეტს მისცემს მაქსიმალურ დამოუკიდებლობას, რომ თვითონ გადაწყვიტოს, როგორი ორგანიზება გაუკეთოს შიდა თემებს”, – აღნიშნა ალექსანდრე ჯეჯელავამ.
შეგახსენებთ, „აუდიტორია 115“ თვითმმართველობის არსებული მოდელისა და თვითმმართველობის არჩევნების გაუქმებას, საფაკულტეტო საბჭოში სტუდენტების არჩევის პირდაპირი წესის შემოღებას და საფაკულტეტო საბჭოს არჩევნების ამის შემდეგ ჩატარებას, მთლიან შიდა პროდუქტთან შეფარდებით განათლებისა და მეცნიერების დაფინანსების ქვედა ზღვარის კონსტიტუციაში განსაზღვრასა და უნივერსიტეტის საერთო საცხოვრებლის სრული რეაბილიტაციისთვის თანხის გამოყოფას ითხოვს.