დონალდ ტრამპის ორგანიზაცია საქართველოსთვის „ტრამპ თაუერის“ მშენებლობის ლიცენზიის ჩამორთმევას აპირებს და ამისთვის გარკვეულ ნაბიჯებსაც დგამს,- ამის შესახებ ინფორმაციას ABC ავრცელებს.
მათი ცნობით, ტრამპის ორგანიზაციამ უკვე გააუქმა აზერბაიჯანში სასტუმროს მშენებლობის ლიცენზია და იგივე ნაბიჯებს დგამს მეზობელ საქართველოშიც. გამოცემის ცნობით, ეს ყველაფერი დაკავშირებულია ტრამპის გაპრეზიდენტებასთან, რადგანაც მას სურს ჩამოიშოროს ე.წ. საჩოთირო ბიზნეს საქმეები.
„ორივე პროექტში ჩართულები იყვნენ ან ისინი დაკავშირებული იყვნენ პოლიტიკოსებთან, პარტნიორებთან, რომლებმაც შესაძლოა გააჩინოს პრობლემები ტრამპის გაპრეზიდენტების შემდეგ“, – წერს ABC.
ტრამპის ადვოკატმა ალან გარდენმა კი პარასკევს განაცხადა, რომ პროექტებმა აზერბაიჯანსა და საქართველოში ვერ შეასრულეს სალიზენზიო შეთანხმებები. ადვოკატმა განმარტა, რომ შედეგად ეს ნაბიჯები „ბუნებრივია“ და არ არის ნაწილი სტრატეგიისა, რომელიც ტრამპს პოტენციურ კონფლიქტებს აარიდებს თავიდან.
გამოცემის ცნობით, ჯერ კიდევ გასულ კვირას ტრამპის პარტნიორმა საქართველოში განაცხადა, რომ პროექტი გაგრძელდება და ამასთან დაკავშირებით მოლაპარაკებები კვლავ მიმდინარეობს.
შეგახსენებთ, „ტრამპ თაუერის“ განმახორციელებელი კომპანია „სილქ როუდ ჯგუფია“, რომელსაც სასტუმრო ბათუმში უნდა აეშენებინა. პროექტს საფუძველი ჯერ კიდევ მიხეილ სააკაშვილის პრეზიდენტობის დროს ჩაეყარა. რამდენიმე დღის წინ ჯგუფის ხელმძღვანელმა გიორგი რამიშვილმა განაცხადა, რომ პროექტი აუცილებლად განხორციელდებოდა და „ტრამპ თაუერთან“ დაკავშირებით დამატებითი დეტალები იანვარში გახდებოდა ცნობილი.
businesscontract.ge