ახალი ამბები მთავარი სამართალი

გივი თარგამაძე თავისი საქმის გადაკვალიფიცირებას ითხოვს

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი გივი თარგამაძე პროკურატურაში მანქანის აფეთქების საქმეზე თითქმის 4 საათის განმავლობაში იმყოფებოდა. ის და მისი ადვოკატი საქმისთვის კვალიფიკაციის შეცვლას ითხოვენ.

როგორც მათ პროკურატურის დატოვების შემდეგ განაცხადეს, საქმის მასალების გაცნობის შემდეგ, გამოძიებამ მათ კითხვებს პასუხები ვერ გასცა.

„მთავარი კითხვა არის კვალიფიკაციის საკითხი, რატომ არ აძლევენ ტერაქტის კვალიფიკაციას. გაუხსნელი მკვლელობები უკვე აქვს ამ ხელისუფლებას. სამწუხაროდ, გაუხსნელი ტერაქტი ჯერ არ ქონიათ და მიტომაც ერიდებიან ამ კვალიფიკაციის მიცემას. მეორე მთავარი კითხვა, ეს არის მოტივის სრული არარსებობა. მოტივის გარეშე დანაშაულის გახსნილად გამოცხადება თავისთავად აბსურდია, წინასაარჩევნოდ ამ ადამიანს უცებ მოუნდა ჩემი მოკვლა,“ – განაცხადა გივი თარგამაძემ.

ამასთან დაკავშირებით განცხადება მისმა ადვოკატმაც გააკეთა.

„მიზეზი რა არის? რატომ აფეთქებენ გივი თარგამაძეს? თუ არ არსებობს მოტივი, უბრალოდ გაგიჟდა ვიღაც, წავიდა და გივი თარგამაძე ააფეთქა. ეს ხომ იგივეა, ნებისმიერმა ადმიანმა ნებისმიერი ადამიანი ააფეთქოს არაფრის გამო. შესაბამისად ჩვენ გვაინტერესებს მიზეზი და გვაინტერესებს რატომ არ არის ტერორისტული აქტის კვალიფიკაცია მინიჭებული ამ საქმეზე,“ – განაცხადა თარგამაძის ადვოკატმა.

შეგახსენებთ, რომ პარტია „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, გივი თარგამაძის ავტომობილი 2016 წლის 4 ოქტომბერს ორბელიანის მოედანზე ააფეთქეს. 2016 წლის 17 ოქტომბერს შინაგან საქმეთა სამინისტრომ გივი თარგამაძის მანქანის აფეთქების საქმე გახსნილად გამოაცხადა. საქმეზე ერთი პირი დააკავეს და ერთს ბრალი დაუსწრებლად წარუდგინეს.

იტვირთბა....