პოლიტიკურ წრეებში საუბრობენ პრემიერ-მინისტრის მოსალოდნელ ცვლილებაზე. „დემოკრატიული მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის გიგლა ბარამიძის განცხადებით, გიორგი კვირიკაშვილის შესაცვლელად რამდენიმე ჯგუფი მუშაობს, რომელთაც მთავრობის მეთაურის წარსადგენად საკუთარი კანდიდატურები ჰყავთ.
„თუკი ეკონომიკურმა და არა მხოლოდ, მიმართულებებმა ასეთი სერიოზული ხარვეზებით განაგრძო მუშაობა, საზოგადოების გაღიზიანება იზრდება და იზრდება, არ არის გამორიცხული, როცა აყვავდება ნუში, მოხდეს სერიოზული საკადრო ცვლილებები, რომელმაც შეიძლება მიაღწიოს თავად პრემიერ-მინისტრამდეც. რა თქმა უნდა, შიგნით არის რამდენიმე დაჯგუფება, სადაც ზოგს ბიზნესმენების გარკვეული ჯგუფიც უჭერს მხარს, რომელთაც ძალიან ადარდებთ ის პრობლემები, რაც საქართველოში ვითარდება. პერსპექტივაში განიხილავენ განტევების ვაცს. ვისზე შეიძლება და რომელ მიმართულებებზე შეიძლება განხორციელდეს და მივიდეს ცვლილებების ეს ტალღა. კულუარულ დონეზე განხილულია ვინ და როგორ შეიძლება განიხილოს აღმასრულებელი ხელისუფლების პირველი პირის შეცვლის საკითხიც კი. ეს არის აბსოლუტური რეალობა და ძალიან ცუდია, რომ ეს უკვე არის“ – განაცხადა ტელეკომპანია „რუსთავი 2-ის“ ეთერში გიგლა ბარამიძემ.
მისი თქმით, მას აქვს გარკვეული ინფორმაცია, ყავს საკუთარი წყარო, რის საფუძველზეც აკეთებს განცხადებას, თუმცა ჯერ კონკრეტული პირების დასახელებაზე თავს იკავებს.