საქართველოს ზამთრის კურორტები ახალი სეზონისთვის ემზადებიან. ტურ-ოპერატორი კომპანიების ცნობით, ახალი წლის პერიოდში სასტუმროები თუ კოტეჯები გუდაურში, ბაკურიანსა და სვანეთში უმეტესად უკვე დაჯავშნილია.
ახალი წლის დღეების გატარება (სასტუმროში დარჩენა, საახალწლო ვახშამი) გუდაურსა და ბაკურიანში 1 კვირის განმავლობაში ერთ ადამიანს 700 ლარიდან 1500 ლარამდე დაუჯდება, – ამის შესახებ BPN წერს.
როგორც Calypso M-TOUR-ს მენეჯერი მაია კოპალიანი „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას ამბობს, ჯავშნის მიღება ნოემბრის დასაწყისიდან დაიწყეს. მისივე თქმით, ამ დროისათვის კოტეჯებზეა ძალიან დიდი მოთხოვნა და მათი 90% უკვე დაჯავშნილია.
„დღეის მდგომარეობით, კურორტებს შორის გუდაური დომინირებს. ჯავშნის უმეტესობა კოტეჯებზე მოდის და საახალწლოდ თითქმის ყველაფერი უკვე დაჯავშნილია.
„რაც შეეხება ფასს, საახალწლო პერიოდში ყველაზე პატარა კოტეჯში 1 ღამის ღირებულება 600 ლარია, სხვა დროს კი 300 ლარია. ჯავშანს უმეტესად უცხოელები აკეთებენ, რადგან ქართველებისთვის იქ არსებული ფასები საკმაოდ მაღალია,“ – აღნიშნა კოპალიანმა.
ტუროპერატორ კომპანიაში „აღმოაჩინე საქართველო“ კი ამბობენ, რომ ქართველების მხრიდან მოთხოვნა ნაკლებადაა, უცხოელების მხრიდან კი ჯავშნები ამ დროისთვის უკვე მიღებულია. მათივე ცნობით, ჯავშნების მიხედვით, კურორტებს შორის გუდაური ლიდერობს.
„ბაკურიანსა და გუდაურში ჯავშნები უმეტესად საოჯახო ტიპის სასტუმროებში კეთდება, სადაც ახალი წლის პერიოდში 1 ნომრის ყველაზე დაბალი ფასი 100 ლარიდან იწყება, დანარჩენი პერიოდი კი დაახლოებით 50-60 ლარი ღირს,“ – გვითხრეს კომპანიაში.
Nima Tours-ს დირექტორი მარიამ ზაუტაშვილის თქმით, მოქალაქეები ნომრებს უმეტესად სვანეთში, გუდაურსა და ბაკურიანში ჯავშნიან. მათივე ცნობით, მოთხოვნა უმეტესად უცხოელების მხრიდან არის, რადგან ქართველებს ძალიან იაფად უნდათ და უმეტესად, 1 ან 2 დღიან ტურებზე ეწერებიან.
რაც შეეხება ფასებს, კომპანიაში ამბობენ, რომ გუდაურში 1 სტანდარტული ნომრის ღირებულება სასტუმროში 30 დოლარია. მათივე ცნობით, ჯერ არ იციან რა ეღირება ნომრები ახალი წლის დღეებში, თუმცა აღნიშნავენ, რომ გასულ წელს ნომრის ღირებულება 80-90 დოლარი იყო.
ბაკურიანში სასტუმროს ნომრები ახალი წლის პერიოდში 120 ლარი, ხოლო სხვა დროს 50 ლარი ღირს.
რაც შეეხება სვანეთს, საოჯახო სასტუმრო მესტიაში ერთი ადამიანზე 15-20 ლარი ჯდება.
წყარო: BPN